LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ შეურაცხადი იყო, მაშინ იქ სხვებს რატომ არ დაერია? არავინ მითხრას, რომ ეს დაგეგმილი არ იყო!“ – მოკლული ქალის დედა განაჩენით უკმაყოფილოა

250
Untitled design (23)

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის მიერ მოკლული ქალის დედა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

როგორც ხათუნა ნაჭყებიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახი სიძის მიმართ უვადო პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, ავტობუსში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – ის სასჯელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის

მოკლული ქალის დედა ამბობს, რომ მისი სიძე ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი იყო და მეუღლის მკვლელობა წინასწარ დაგეგმა. მისივე თქმით, ბრძოლას გააგრძელებს და აპირებს, ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებსაც მიმართოს.

„როგორ შეიძლება ადამიანი შეურაცხადი იყოს, როცა ის ცოლს კლავს, ამ დროს შვილს ძალიან ფაქიზად იგერიებს.

შეურაცხადისთვის ამ დროს ხომ სულ ერთია, ცოლია თუ შვილი? ამაზე პასუხი გამცეს ადვოკატმა. თუ შეურაცხადი იყო, მაშინ იქ [ავტობუსში] სხვებს რატომ არ დაერია? იქ ჩემი უფროსი ქალიშვილიც იყო თავისი შვილებით. არავინ მითხრას, რომ ეს დაგეგმილი არ იყო! იმ ღამით, როდესაც მე მათთან სტუმრად ვიყავი, ის ძალიან ჩუმად იყო, რაც არ სჩვეოდა. სიტყვა არ უთქვამს. ვიკითხე კიდევაც, რატომ არის ასე ჩუმად, ჩვენი ნახვა არ გაუხარდა-მეთქი? რაღაცნაირ ეჭვებს რომ აჩენს, ისე იყო ჩუმად. მას ეს დაგეგმილი ჰქონდა, – აცხადებს ხათუნა ნაჭყებია.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია, სინანულშია: ადვოკატი

მისვე განმარტებით, მომხდარის დღეს სახლიდან გასვლამდე მისმა სიძემ ცოლის დას ჩანთაში დანა ჩაუდო, რომელიც შემდგომ ავტობუსში გამოართვა და მკვლელობა ჩაიდინა. მან ასევე ისაუბრა როინ მებონიას მიმართ ჩატარებულ ექსპერტიზის შედეგებთან დაკავშირებით.

„სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ ის არ არის შეურაცხადი. ამის შემდეგ კი დედამ და ბიძამ, თავიდან მოითხოვეს ექსპერტიზის ჩატარება. რატომ? ხომ დაიდო დასკვნა, რომ ის არ არის შეურაცხადი. ახლა უკვე მე ყველანაირად შევეცდები საქმეს მსვლელობა თავიდან მიეცეს“, – განაცხადა ხათუნა ნაჭყებიამ.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თბილისში, 2022 წლის 21 მაისს მოხდა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მამაკაცმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

ამავე თემაზე:

16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა – პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარუდგინა

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: პატიმრობის წინააღმდეგი არ ვიქნებით

მთავარ სლაიდზე ფოტო: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g