LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სუსტები ვართ და რადარებზე არ ვჩანვართ, რას მოგვდევენ ქვებით – ლევან ხაბეიშვილი „ქართულ ოცნებაზე“

292
ფორტუნა (80)

თუ სუსტები ვართ და რადარებზე არ ვჩანვართ, რას მოგვდევენ ქვებით, დაგვანებონ ამ „სუსტებს“ თავი და გვაცადონ მოსახლეობასთან შეხვედრა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც რეგიონებში პარტიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა.

როგორც ხაბეიშვილმა, „პალიტრანიუსის“  ეთერში განაცხადა, აღნიშნული ინციდენტები ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ ეშინია.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მსოფლიოში აღარ დარჩა პარტნიორი, რომელიც მეგობრულად იქნება განწყობილი მათ მიმართ.

„ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და კოლექტიური პუტინისტები „ნაციონალურ მოძრაობაზე“ სხვანაირად რომ საუბრობდნენ, ეს გამიკვირდებოდა და ვიფიქრებდი, რომ პრობლემა გვაქვს. ისინი წლებია ასრულებენ „ნაციონალურ მოძრაობას“.

სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმეა, როცა საქართველოს ჰყავს რუსული ხელისუფლება. „ქართულ ოცნებას“ მსოფლიოში აღარ დარჩა პარტნიორი. ვერ მეტყვით რომელიმე ქვეყანას, რომელიც მეგობრულად არის განწყობილი რუსული პარტიის მიმართ. მეტიც, სადაც იყვნენ გაერთიანებულები – “სოციალისტურ პარტიაში“, იქიდანაც გამოაბუნძულეს. ამიტომ ჩვენდა სამწუხაროდ საქართველოში რუსული დიქტატურაა, რომელიც დამყარებულია რუსი ოლიგარქის პირობებში.

რუსულ პარტიასთან ბრძოლა რთულია, როცა მათთან საუბარს აზრი არ აქვს. გუშინ საგარეჯოში პენსიონერებს ვესაუბრებოდი, ისინი ქვებს ისროდნენ. მანამდე, კასპში ვესაუბრებოდი პენსიონერებს, კიდევ ქვებს ისროდნენ. უფრო ადრე, გარდაბანში მოსახლეობას ვხვდებოდი, ჩემი ავტომობილის საბურავების დაჭრით იყვნენ დაკავებულები.

თუ სუსტები ვართ და რადარებზე არ ვჩანვართ, რას მოგვდევენ ქვებით დაგვანებონ ამ „სუსტებს“ თავი და გვაცადონ მოსახლეობასთან შეხვედრა. ეს ადასტურებს იმას, რომ მათ ეშინიათ.

ჩვენ ხალხზე მაღალი წარმოდგენის ვარ და არ მგონია, რომ ქვის სროლა იყოს ნორმალური დამოკიდებულება ქართველებს შორის“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, რას იგებს ამით „ქართული ოცნება“ , ხაბეიშვილი პასუხობს, რომ ამით უნდათ, რომ საზოგადოებას აჩვენონ, „თითქოს ხალხი უპირისპირდება“.

„რუსები ესენი არიან, რუსულ კანონებს ესენი იღებენ, ხალხს ძარცვავენ და თურმე ხაბეიშვილს მისდევს ხალხი“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, პარტიის ინტერესი მდგომარეობას იმაში, რომ თითოეული ოპოზიციური პარტიის ხმა დაცული იყოს ყველა საარჩევნო უბანზე.

„ჩემი შეთავაზება დარჩება ძალაში, როცა საუბარია საერთო სტრატეგიის ქონაზე. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურა აქვს, მათ შორის საარჩევნო კომისიებში, რომლის ფუფუნება, სამწუხაროდ სხვა პარტიებს არ აქვთ.

ჩემი შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ მხარდაჭერა ჰქონდეთ ამ ადამიანებს. თუ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები, დამკვირვებლები არ ჰყავთ , ხმებს ხომ არავინ დაიცავს და ის ხმა შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების დასაცავი იყოს. განა რა არის ამაში ცუდი, როცა ჩვენ ვთავაზობთ, რომ გამოიყენეთ ჩვენი ინფრასტრუქტურა.

ჩემი ინტერესია თითოეული ოპოზიციური პარტიის ხმა იყოს დაცული ყველა საარჩევნო უბანზე, ამისთვის მე და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გავაკეთებთ“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს სჭირდება კოორდინაცია, იმისთვის რომ 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g