იმ ფონზე, როდესაც უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის საფრთხე ჯერ მოხსნილი არ არის, რუსეთის დუმამ კი პრეზიდენტ პუტინს სეპარატისტული ოლქების – ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების რეკომენდაციებით მიმართა, მოსალოდნელ სცენარებზე სხვადასხვაგვარ შეფასებებს აკეთებენ ექსპერტები.
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ კრემლის სამიზნე ამ ეტაპზე ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიებია, სადაც ლაგაზიძის პროგნოზით, პუტინის მხრიდან პროვოკაციებია მოსალოდნელია.
„კარგად ჩანს, რომ პუტინის სამიზნე ამ ეტაპზე არის მინიმუმ, ლუგანსკის და დონბასის ტერიტორიები და იქ მოსალოდნელია პროვოკაციები, რომლის საფუძველზეც შემდეგ რუსეთი დაიწყებს სამხედრო ოპერაციებს, ამ გადმოსახედიდან ეს არის ყველაზე რეალისტური სცენარი ჩანს.
დღევანდელი ინფორმაციებიც ამას ადასტურებს. ამას მოწმობს გერმანიის კანცლერის ორი დღის წინანდელი განცხადება, სადაც თქვა, რომ ზელენსკისგან ჩამოიტანა პირობა – საკონსტიტუციო ცვლილებები დონბასისა და ლუგანსკის სტატუსთან დაკავშირებით დაიწყება, ისევე როგორ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, ეს არის გათვალისწინებული მინსკის ხელშეკრულებით, რისი საბოლოო შედეგიც რეალურად უნდა იყოს უკრაინის ფედერალიზაცია.
მიზანია, რომ უკრაინისგან მიიღოს არშემდგარი სახელმწიფო და მეორე მხრივ, მუდმივად ჰქონდეს ლუგანსკს ვეტოს უფლება უკრაინის საგარეო კურსის პოლიტიკაზე, რაც თავისთავად ნიშნავს ნატო-ს კარის დაკეტვას“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.
„ზელენსკის 2 არჩევანი აქვს“ – უკრაინა კრემლის პროვოკაციების მოლოდინში
პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, თუ დონბასსა და ლუგანსკში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები განახლდა, ზელენსკი არჩევანის წინაშე დგება.
„ან სამხედრო ცეცხლით უნდა უპასუხოს და ამაში გარკვევით შემიძლია გითხრათ, რომ დასავლეთი მას მხარს არ დაუჭერს, ის დარჩება მარტო, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს სრული კანონიერი უფლება დაიცვას საკუთარი ქვეყანა სხვა ქვეყნის ჯარების შემოჭრისგან“ , – ამბობს ლაგაზიძე.
მისივე თქმით, რეალურად, დღეს დონბასსა და ლუგანსკში რუსეთის მიერ დაფინანსებული, წაქეზებული და გაწვრთნილი ჯგუფები იმყოფება, რომელთაც არ აცვიათ რუსული სამხედრო ფორმები, მაგრამ ასრულებენ რუსეთის საქმეს.
„ბაიდენმა განაცხადა, რომ მათი გააქტიურებაც კი აღქმული იქნება, როგორც რუსეთის შეტევა. თუ სამხედრო ოპერაციები დონბასსა და ლუგანსკს შეეხო მხოლოდ, დასავლეთის პოზიცია მაინც არის ის, რომ არ ჩაერთოს ომში. ძალიან რთულია, როცა ორმაგ სტანდარტს ვუყურებთ, მაგრამ ეს არის რეალობა. არის მეორე ვარიანტი – ზელენსკიმ თავი შეიკავოს ნებისმიერი სამხედრო ოპერაციისგან დონბასსა და ლუგანსკში, როგორც ჩანს, ამაზეა უკვე მოლაპარაკებები დასავლეთთან“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
“ევროპა დღეს გაცილებით უფრო თვალახელილია” – რა ბედი გველის ჩვენ
უკრაინასთან დაკავშირებული მზარდი დაძაბულობის ფონზე, აშშ და ევროპა ერთიანი პოზიციით გამოდიან, თუმცა პოლიტოლოგი ხაზს უსვამს, რომ რიგ სახელმწიფოებს მნიშვნელოვნად განსხვავებული მიდგომები და კავშირები აქვთ რუსეთთან.
ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ნატო-ს პარალელურად, ახლა მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ახალი სტრუქტურების შენება.
„ახლა ისეთი სიტუაცია, როდესაც ვერ ვისაუბრებთ რუსეთის გამარჯვებაზე, რადგან რუსეთის ამ ულტიმატუმმა დღის წესრიგში დააყენა ევროპის გამოფხიზლების საკითხი.
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამან შეკრა და ერთიან პოზიციაზე დააყენა დაქსაქსული ნატო. ამას გერმანიის ხელისუფლების ბევრ რამეში აცდენილი განცხადებებიც მოწმობს.
მაგრამ ის, რომ ევროპა დღეს გაცილებით უფრო თვალახელილია, ვიდრე იყო დეკემბრის ულტიმატუმამდე, ეს ცხადია და დაიწყო ახალი, არა ნატო-ს ჩამნაცვლებელი, არამედ პარალელური უსაფრთხოების თემების და სტრუქტურების შენება. ამის მაგალითია, ბრიტანეთის, პოლონეთის, უკრაინის ასე ვთქვათ, ტრიოს ინიციატივა, რომელსაც აქვს რეალური პერსპექტივა გაგრძელდეს საქართველოსა და თურქეთის მიმართულებითაც”, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.
“რაც შეეხება იმას, თუ რა ელის საქართველოს, მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენა არსებობს და ყველა ამ სცენარის შემთხვევაში საქართველოსთვის რისკები და გამოწვევებიც იზრდება.
ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ არაფერი ვთქვა ხელისუფლებაზე, როდესაც უყურებ, რამდენად უსუსურია ქართული ოპოზიცია ამ საფრთხეებისა და გამოწვევების პირისპირ.
გერმანია ღიად აცხადებს, რომ სანამ პუტინი ხელისუფლებაში იქნება, [დაახლოებით, ათ წელიწადზე ვსაუბრობთ] უკრაინა ნატოში ვერ შევა, ეს ხომ ცალსახად ნიშნავს, რომ საქართველოც ვერ შევა ნატო-ში. ასეთ შემთხვევაში, რას სთავაზობს ქართული ოპოზიცია საკუთარ ამომრჩევლებს. ამ და სხვა უამრავ კითხვაზე აუცილებელია პასუხი ჰქონდეს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც”, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.