„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის დაანონსებულ ახალ პოლიტიკას ეხმაურება.
„თუკი მე, ხუთი შვილის მამას ჩემს ქვეყანაში ღირსეულად გადაადგილება, ოჯახის სიწმინდის დაცვა და მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციების დაცვა რომელიმე ქვეყანაში არწასვლის ფასად უნდა დამიჯდეს, შემირცხვენია ის ქვეყანა და იმ ქვეყნის პოლიტიკოსი, რომელმაც ამ დილემის წინაშე დამაყენა!“- წერს მგალობლიშვილი.
ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკის განხორციელებას იწყებს – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების მიხედვით, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე.