ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ ღონისძიებებზე წელს 12,5 მლნ ლარს დახარჯავს.
როგორც ”ფორტუნას” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განუცხადა, ადმინისტრაცია წელს საერთაშორისო აქტივობებსა და მარკეტინგულ კამპანიებს გააგრძელებს.
”გამოვყოფდი სატელევიზო რეკლამას რამდენიმე საერთაშორისო არხზე, ასევე მიზნობრივ ბაზრებზე; ინტერნეტ-რეკლამას, სპეციალურ გადაცემებს საქართველოს შესახებ, რაც გულისხმობს ორი სხვადასხვა ტურისტული ფორმატის გადაცემის მოწვევას და საქართველოზე ყოველდღიურად, ერთი კვირის განმავლობაში, სიუჟეტების გაშვებას ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებში; ასევე რეკლამას საერთაშორისო ბეჭდვურ მედიაში”, – განუცხადა ”ფორტუნას” ჩოგოვაძემ.
მისივე თქმით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წინა წლის გამოცდილება გაითვალისწინა და იგივე პრინციპით შეარჩია ბაზრები.
”ეს გულისხმობს, რომ უნდა იყოს პირდაპირი ავიამიმოსვლა; გამარტივებული, უვიზო მიმოსვლა ამ ქვეყნებიდან, ასევე ჩვენი ქვეყნის გარკვეურლი ცნობადობა” – აღნიშნა ჩოგოვაძემ.
