26 იანვარს რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ახალმა პროექტმა აიღო სტარტი. სიყვარულის ერთთვიანი მარათონის პერიოდში მსურველებს „ფორტუნასა“ და „არ დაიდარდოს“ Facebook-გვერდების საშუალებით მიეცემათ კითხვარის შევსებისა და პროექტში მონაწილეობის საშუალება, მას კი, ვინც მონატრების საკუთარი ისტორიით გახდება ჯერ კვირის, მერე კი, პროექტის გამარჯვებული, Turkish Airlines-თან ერთად მიეცემა მონატრებულ დედასთან შეხვედრის შესაძლებლობა.
დეტალურად პროექტზე Turkish Airlines-ის წარმომადგენელმა ირინა ჟორჟოლიანმა ისაუბრა.
Turkish Airlines-ის და რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ერთობლივი პროექტი ნებისმიერი ადამიანისთვის უსაყვარლეს ადამიანს – დედას ეძღვნება და გამარჯვებულიც სწორედ დედის დღეს 3 მარტს გამოვლინდება. პროექტის მთავარი მიზანი ოჯახების გაერთიანება, იმ დედებისა და შვილების შეხვედრაა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და რამდენიმე ათასი კილომეტრი აშორებთ ერთმანეთისგან.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა დედა-შვილობის ყველაზე შთამბეჭდავი და ემოციური ისტორიები უნდა მოგვწერონ განსაკუთრებით გულის ამაჩუყებელი მომენტებით, გამარჯვებული კი, მეტად ორიგინალურად, დიდი ხნის უნახავ დედასთან ერთად აღნიშნავს დედის დღეს.
წერილის მოწერის შესაძლებლობა მიეცემათ როგორც შვილებს, რომელთა დედები საზღვარგარეთ იმყოფებიან, ისე დედებს, ვისი შვილებიც საზღვარგარეთ სწავლობენ ან საქმიანობენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსის გამარჯვებულს ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მიეცემა გამგზავრების საშუალება, ვისთანაც უვიზო რეჟიმი აქვს საქართველოს.
წერილის მოწერა ნებისმიერი ფორმით შეიძლება, როგორც ელექტრონული, ისე ხელნაწერი ვერსიით. პროექტი 4 კვირა გაგრძელდება და ყოველ კვირა გამოვლინდება გამარჯვებული – ყველაზე ემოციური წერილის ავტორი.
აღსანიშნავია, რომ კვირის გამარჯვებულები ე.წ. „ლაიქების“ სიმრავლით გამოვლინდებიან, პროექტის გამარჯვებულს კი, 2 მარტს დავასახელებთ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში, ისევ „ლაიქებისა“ და კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილების გათვალისწინებით.