LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უამრავ ქვეყანაში ვიმოგზაურე, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში კონცერტის მოწყობა მაინც განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა” – მერაბ სეფაშვილი „არტ-FM“-ში

32
მერაბ-სეფაშვილი

21 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს მერაბ სეფაშვილი სტუმრობდა, რომელმაც 10 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა.

– მერაბ, როგორ ემზადებით კონცერტისთვის?

– უამრავ ქვეყანაში ვიმოგზაურე, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში კონცერტის მოწყობა მაინც განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რადგან საქართველოში ყველაზე გემოვნებიანი მსმენელია, რომელსაც სხვებზე კარგად იცის რა არის სიმღერა.

– რა სიახლეს შესთავაზებთ მსმენელს?

– უამრავი სიახლე იქნება, თუმცა ყველაფერს არ გავამხელ, რადგან საინტერესო აღარ იქნება. პირველ რიგში, რამდენიმე ახალი სიმღერა შესრულდება, მონაწილეობას კი, მეტწილად ახალგაზრდები მიიღებენ სიმფონიური ორკესტრთან ერთად, რომელსაც ნიკა ნიკვაშვილი უხელმძღვანელებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც კონცერტში მიიღებს მონაწილეობას, რადგან შეუძლებელია საღამოს მოწყობა კოლეგების მხარდაჭერის გარეშე.

– „ის, რაც არ მიმღერია“ – სწორედ ასე ჰქვია კონცერტს. რატომ შეარჩიეთ ასეთი სახელი?

– ალბათ იმიტომ, რომ მართლაც იმას ვიმღერებ, რაც ჯერ არ მიმღერია. 10 დეკემბრამდე  დიდი დროა. მართალია, კონცეფციაზე უკვე ჩამოვყალიბდით, მაგრამ წვრილმანებზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ. ვფიქრობ, კარგი კონცერტი გამოვა და მსმენელიც ისიამოვნებს.

– რომელი სიმღერა გიყვართ ყველაზე მეტად საკუთარი შემოქმედებიდან და რომელს თვლით წარმატების მომტანად?

– ყოველთვის მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუმცა მაინც „თეთრ რაშს“ გამოვყოფდი, რომელიც მთელმა ქვეყანამ შეიყვარა. ყველა სიმღერას თავისი ისტორია, პეწი და ეშხი აქვს, მართალია, ზოგი კარგი გამოდის, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ყველას თავისი განცდა და ემოცია აქვს.

– სხვა ჟანრში, თუნდაც საოპერო მუსიკის ჟანრში ხომ არ გიფიქრიათ შესაძლებლობების მოსინჯვა?

– ოპერაში სიმღერა დაგვიანებულია, მაგრამ ბატონ პაატა ბურჭულაძესთან ერთად რამდენიმე მონახაზი მაინც გავაკეთე. ჯერ საუბარი ადრეა, რადგან უფრო შორეული გეგმებია, თუმცა გამორიცხული არაფერია, შესაძლოა ერთობლივი პროექტიც განვახორციელოთ. სხვათა შორის, თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას პედაგოგები კონსერვატორიაში ჩაბარებას მირჩევდნენ, რამდენიმე საოპერო ნაწარმოებიც შევასრულე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ესტრადა ავირჩიე.

– რომელი კონცერტი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?

– ყველა კონცერტის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს, რადგან ყოველთვის მეტი მინდა. თუმცა, სწორედ ამგვარი მაქსიმალიზმი და სრულყოფილებისკენ სწრაფვა გვაიძულებს არტისტებს განვითარებას და მუდმივად ახლის ძიებას.

– ვის აზრს ითვალისწინებდით ყველაზე მეტად კარიერის დასაწყისში?

– ძალიან ბევრის აზრი მაინტერესებდა და ვითვალისწინებდი, რადგან მუსიკოსი მშობლების წყალობით, არაჩვეულებრივ ადამიანებს, ნამდვილ პროფესიონალებს ვიცნობდი. რა თქმა უნდა, რობერტ ბარძიმაშვილის, ალექსანდრე ბასილაიას, გივი გაჩეჩილაძის და მსგავსი გრანდების შეფასების მოსმენა ყოველთვის საინტერესო და საყურადღებოა.

– ვის ეძღვნება 10 დეკემბრის კონცერტი?

– ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს და ქართველ მსმენელს, რომელიც თვითონაც არაჩვეულებრივად მღერის. მართლაც განსაკუთრებული ხალხი ვართ, უამრავ არაპროფესიონალს ვიცნობ, ვინც ბრწყინვალედ მღერის, საოცარი გემოვნება და დამოკიდებულება აქვს მუსიკის მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები