LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან ზრდას ვგეგმავთ – რა სფეროებში ოპერირებს “ბლოკ ჯგუფი” / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

55
445

კომპანია „ბლოკ ჯგუფი“ ეკონომიკის რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს საინვესტიციო პროექტებს, მათ შორის ყველაზე აქტიურად სამედიცინო, სტუმარმასპინძლობის, სამშენებლო, ენერგეტიკისა და საგანმანათლებლო სექტორებში. „ბლოკ ჯგუფმა“, დაახლოებით, 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო, სასტუმრო „გოლდენ ტულიპ დიზაინ თბილისის“ მშენებლობაში და ის მაისში გაიხსნება.

2023 წლის ბოლოს კი გეგმაშია „რედისონის“ გახსნა, რომელიც სასტუმრო „თორის“ ადგილას შენდება. ინვესტიციის მოცულობა აქ 25 მლნ დოლარია. ბლოკ ჯგუფის მმართველი გუნდი პარალელურად სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს.

„ბიზნესკურიერის“ სტუმარია თორნიკე ჯანაშვილი – საინვესტიციო ჰოლდინგ, “ბლოკ ჯგუფის” მმართველი პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი.

 

– საკმაოდ რთული ვითარებაა და სულ გვესმის, რომ ინვესტიციები არ იზრდება, შემცირებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ამის მიუხედავად, თქვენ მოახერხეთ გარკვეული ინვესტიციების მოზიდვა, უფრო დეტალურად მოგვიყევით თქვენს შესახებ.

– „გოლდენ ტულიპ დიზაინ თბილისი“ მაისში გაიხსნება. პრაქტიკულად, ყველა სამუშაო დასრულებულია. მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო პროდუქტი გამოგვივიდა. ვფიქრობ, როგორც ჩამოსული ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივებისთვის საინტერესო იქნება. სასტუმრო მდებარეობს ქეთევან წამებულის გამზირზე, არაჩვეულებრივი ხედები იშლება განსაკუთრებით ძველ თბილისზე და გვგონია, რომ ნამდვილად შევძელით და შევქმენით ე.წ. „ლენდ მარქ“ ადგილი თბილისისთვის. ეს იყო ჩვენი მოტივაცია, რომ გამორჩეული შენობა ყოფილიყო, ბევრი დეტალია საინტერესო. შენობის ფასადი ყოველ ღამე შეიცვლება. ყველა ნომერი არის ქართველი მხატვრების მიერ მოხატული და ყველგან უნიკალური ხელით ნამუშევარი შეგხვდებათ, რომელიც საქართველოს ისტორიას გვიყვება.

მგონია, რომ ტურიზმის განვითარებას ამით ხელი უნდა შევუწყოთ, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და ინდუსტრია არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს მიმართულება პანდემიამ ძალიან დააზიანა, თუმცა წელს უკვე არის იმის მოლოდინი, რომ დავუბრუნდებით იმ ნიშნულებს, რომლებიც იყო 2019 წელს.

 

 

– სხვადასხვა შეფასებით, ეს შეიძლება იყოს 2019 წლის 50-60 %, მაგრამ შემდგომ წლებში კიდევ გაიზრდება. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გამოწვევაა, რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება ამას ხელს უშლის.

მინდა გკითხოთ, ინვესტიციასთან დაკავშირებით იგივე „რედისონის“ და „გოლდენ ტულიპის“ მაგალითზე. ეს უცხოური ინვესტიციაა, ადგილობრივი, თუ ერთობლივი?

– ეს არის ადგილობრივი კომპანია და ადგილობრივი ინვესტიციები. ჩვენ გვყავს პარტნიორი ბანკები, რომლის დახმარებითაც ამას ვაკეთებთ. თუმცა არის დაინტერესება უცხოეთიდანაც და ვგეგმავთ, რომ უახლოესი 3-4- წლის განმავლობაში უფრო დიდი ინვესტიციები შემოვიტანოთ სხვა ბაზრებიდანაც.

– ინვესტიციის მნიშვნელობაზე როდესაც ვსაუბრობთ, მსმენელს და მოსახლეობას შეიძლება წარმოუდგენიათ, რომ უცხოური ფული შემოდის, მაგრამ ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, საქმდება ადგილობრივი კადრი, მაგრამ ინვესტიციას მოაქვს ცოდნა და განათლება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული და შეიძლება უფრო მეტად მნიშვნელოვანი.

თქვენ როგორ უყურებთ ამას, რამდენად ესმით ხალხს ინვესტიციების მნიშვნელობა?

 

 

– გეთანხმებით, რომ ინვესტიცია ფულის ინვესტიცია არაა მხოლოდ. აქ მოდის ცოდნა, ადამიანური რესურსები და უამრავი სიკეთე, რაც დასაქმებას მოჰყვება.
ახლა ჩვენ სასტუმრო მთლიანად ადგილობრივი კადრებით გვყავს დაკომპლექტებული, მაგრამ გამოცდილი კადრები არიან, რომლებსაც 10 წელზე მეტი აქვთ ნამუშევარი სტუმარ-მასპინძლობის წამყვან ბრენდებში. „გოლდენ ტულიპი“ ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია მსოფლიოში. ეს ძალიან გვეამაყება, იმიტომ რომ მართლა გამოცდილი და ადგილობრივი გუნდი შევკარით, რომლებმაც სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესი უნდა გადმოთარგმნონ.

ეს არაა მხოლოდ უძრავი ქონების ბიზნესი, ეს სრულიად განსხვავებული ბიზნესია, რომელსაც ადამიანები აკეთებენ და ამაზე ძალიან დიდ აქცენტებს ვაკეთებთ და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ასეთი ბრენდები შემოდიან ჩვენთან. მათთან ერთად მოდის განსხვავებული სტანდარტები, რაც აუცილებლად გვჭირდება.

თუმცა, ამ მიმართულებით ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი მუშაობა, იმიტომ რომ „გოლდენ ტულიპისა“ და „რედისონის“ გარდა კიდევ გვაქვს ერთი პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ.

ეს ბევრად უფრო მასშტაბური პროექტია, სადაც ასევე უნდა განთავსდეს და ახლა მიდის კონტრაქტის პირობებზე მოლაპარაკება „რედისონთან“ და დარწმუნებული ვარ, სტუმარმასპინძლობის სფეროში ერთ-ერთი წარმატებული პორტფელი გვექნება.

გვაქვს „ვატელის“ პროექტი, რომელიც არის საერთაშორისო „hospitality school“, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდია. მათი ფილიალი 35 -ზე მეტ ქვეყანაშია. ჩვენ გვაქვს ექსკლუზიური კონტრაქტი, რომ პირდაპირ შემოვიყვანოთ საქართველოში, მიდის მოლაპარაკებები განათლების სამინისტროსთან. პროცესს თან ახლავს გარკვეული სირთულეებიც, მაგრამ ვფიქრობთ, ამას მალევე შევძლებთ, ეს ცოდნა და გამოცდილება, მაქსიმალურად მივცეთ ადგილობრივებს.

სტუმარ-მასპინძლობა მხოლოდ საერთაშორისო სასტუმროები არ არის, ესაა რესტორნები, კაფეები და კიდევ უამრავი სხვა სერვისი, სადაც თუ ცოდნა გვექნება, შევძლებთ, სერვისების მაქსიმალურ დახვეწას, რომ ტურისტმა მეტიც დახარჯოს და ბევრად უფრო კმაყოფილიც გავუშვათ ჩვენი ქვეყნიდან, რაც პირდაპირი და ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავალია ჩვენი ეკონომიკისთვის.

„ვატელის“ კურსდამთავრებულები საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებში საკმაოდ მაღალანაზღაურებადი კადრები არიან და გვსურს, ჩვენთანაც შევძლოთ ადგილობრივი კადრების ისე მომზადება, რომ საერთაშორისო ბრენდების შემოსვლის შემდეგ, არ ვიყოთ იძულებული, გუნდი უცხოური კადრებით დავაკომპლექტოთ.

– მინდა გკითხოთ, თქვენს საგანმანათლებლო პროექტებთან დაკავშირებით. ჩემი ინფორმაციით, თქვენ გაქვთ არამხოლოდ კარგი იდეები, არამედ ეს იდეები ხორციელდება კიდეც.

– საგანმანათლებლო სფეროს ვაკვირდებით ძალიან აქტიურად.

„ვატელის“ გარდა, მოლაპარაკებები გვაქვს ფრანგულ აიტი სკოლასთან, რომელიც მთელ მსოფლიოში მუშაობს.

ეს განსაკუთრებული პროექტია. ჩვენ ამ სასწავლებელში უფასოდ ვასწავლით იმ ადამიანებს, რომლებიც შეძლებენ და გადალახავენ შერჩევის საკმაოდ რთულ პროცესს.

თუმცა 2 წლის შემდეგ ისინი ხდებიან დეველოპერები და ჩვენი ფრანგი პარტნიორები უზრუნველყოფენ, რომ აბსოლუტურად ყველა იყოს დასაქმებული და მინიმუმ 30 ათას ევროზე მეტი ექნებათ წლიური შემოსავალი.

ჩვენი გეგმით გვინდა, წელიწადში დაახლოებით 200 ბავშვი გამოვუშვათ.

ხუთ წელიწადში თუ შევძლებთ, რომ 1000 ბავშვი გადავამზადოთ, ეს უკვე ჩვენთვის 30 მილიონი ევროს შემონატანია ჩვენ ეკონომიკაში ყოველწლიურად.

რაც პირდაპირ ახალგაზრდების ანგარიშზე ხვდება. ამ ფაქტორებმა, შესაძლოა, მეტი მოთხოვნა გააჩინოს და რაც მთავარია, კარგი მაგალითია თანატოლისთვის.

ასეთი პროექტები ძალიან რთულია, რომ რეგიონებში განახორციელო, შესაბამისად, ძირითადად თბილისზე ხდება კონცენტრირება, მაგრამ ვცდილობთ, ყველასთან მივიტანოთ საგანმანათლებლო პროექტები.

დავიწყეთ რეგიონული ჰაბების მშენებლობა, რომელსაც „რეფორმერის აკადემია“ ჰქვია.

პირველი აკადემია დაახლოებით 2 თვეში ქალაქ ფოთში გაიხსნება.

ეს არის ერთგვარი მულტიფუნქციური სივრცე, როგორც გარე, ისე შიდა სივრცე და ეს სხვადასხვა ტრენინგებისთვის იქნება გამოყენებული.

ჩვენ ამ სივრცეებს ვთავაზობთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, რომ ეს სივრცე გამოიყენონ.

 

 

– საქართველოში რამდენიმე კომპანიაა, რომლებიც მსგავს პროექტებს ახორციელებენ, მაგრამ ამ მიმართულებით განებივრებული არ ვართ და ძალიან კარგია, რომ თქვენ სწორედ ამ მიმართულების განვითარებაზე ფიქრობთ. ალბათ ახალგაზრდები იქნებიან ძირითადი სამიზნე ჯგუფი.

– ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია შემოგვიერთდეს, ასაკი ნამდვილად არაა გადამწყვეტი.

მთავარია  სურვილი, თუ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ახალი ცოდნა შეიძინოს, რაიმე გააკეთოს და აქტიური ცოდნა ჰქონდეს, ჩვენ მათ მივიღებთ. ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია, ჩააბაროს ჩვენს საგანმანათლებლო პროექტში.

– განათლებისადმი მიდგომაც შეიცვალა. მნიშვნელოვანი არაა, რომ დიპლომი გქონდეს, ვთქვათ,  ექვსწლიანი განათლება მიიღო და დასაქმდე.

– დიპლომი დასაქმებასთან პირდაპირ ბმაში არაა, ჩვენ არ გვინდა, რომ მხოლოდ დიპლომები გავცეთ, რომელსაც უბრალოდ ოთახში ჩამოიკიდებენ.

ჩვენ უფასოდ ვასწავლით და შემოსავალს ვიღებთ ამ ადამიანების შემდგომი დასაქმებიდან. „ვატელის“ სკოლა 25 წელზე მეტია, რაც არსებობს, საფრანგეთიდან დაიწყეს და მთელ მსოფლიოს მოედვნენ . პირველივე 6 თვეში აქვთ 100 %-იანი დასაქმება.

ეს ადამიანები მთელს მსოფლიოში არიან უკვე და  ეს არის აქცენტები, რომელსაც პირდაპირი ბმა ექნება ჩვენ ეკონომიკასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g