უკრაინამ გაეროს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, გადადგან ოფიციალური ნაბიჯები იმის დასამტკიცებლად, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის წევრობა „არაკანონიერია“ და ოფიციალურ მოსკოვს ჩამოართვან უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი.
უკრაინის საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციას არასოდეს გაუვლია გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურა და აქედან გამომდინარე, უკანონოდ იკავებს სსრკ-ს ადგილს გაეროს უშიშროების საბჭოში.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთის ქმედებები ეწინააღმდეგება „მშვიდობისმოყვარე“ სახელმწიფოს კონცეფციას.
„გაეროში მისი უკანონო ყოფნის სამი ათწლეული აღინიშნა ომებით და სხვა ქვეყნების ტერიტორიების მიტაცებით, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი შეცვლით და მისი დამპყრობლური და ნეოიმპერიული ამბიციების დაკმაყოფილების მცდელობებით.“– ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში