უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ, განაცხადა.
„მე არ ვეთანხმები მოსამართლის გადაწყვეტილებას. მე ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე სხვა ქვეყანაში მოქალაქეობის არმქონე პირი ძალით არღვევდეს საზღვარს, მისი თანმხლები პირები კი უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს სცემდნენ,“ – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.
ლუცენკო ამტკიცებს, რომ სააკაშვილი კურჩენკოს ფულით „ხელისუფლების დასამხობად მოძრაობას უწევდა ორგანიზებას“.
„ამის შემდეგ მან ორგანიზება გაუწია მოძრაობას ხელისუფლების დასამხობად. შეუთანხმდა კურჩენკოს დახმარების მიღებაზე. მისი მარჯვენა ხელი – დანგაძე იღებს ასეულობით ათას დოლარს, რაც დაფიქსირებულია აქ, უკრაინის ტერიტორიაზე. ეს მტკიცებულებები ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ის გაათავისუფლა. უკრაინის გენერალური პროკურატურა აპელაციას შეიტანს,“ – განაცხადა ლუცენკომ.