უკრაინის ომბუდსმენის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ის საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე 40 წუთის განმავლობაში დააყოვნეს და მხოლოდ მისი მხრიდან განხორციელებული გარკვეული ზარებისა და მუქარის შემდეგ შემოუშვეს საქართველოში.
ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, რუსთავის ციხესთან, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრა და თქვა, რომ ამ დრომდე მისი დაყოვნების საკითხზე არ უსაუბრია, რადგან იყო საფრთხე იმისა, რომ მას საპატიმროში არ შეუშვებდნენ.
„გუშინ არ შემოუშვეს უკრაინელი ადვოკატი. მე უნდა ვთქვა, უბრალოდ ეს არ მითქვამს გუშინ და დღეს დილითაც არ ვთქვი, რომ იქნებ სააკაშვილთან ციხეში არ შევეშვი – გუშინ 40 წუთის განმავლობაში მე მეკითხებოდნენ, რისთვის ჩამოვედი საქართველოში. მე დამკითხეს და ასევე, დამაყოვნეს და მხოლოდ ჩემი მხრიდან გარკვეული ზარების განხორციელებისა და მუქარის შემდეგ, შემომიშვეს, ამიტომ, როგორც ჩანს, ყველაფერი ასე მარტივად არ არის,“- განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.
ცნობისთვის, დღეს უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი თბილისში არ შემოუშვეს.
გარდა ამისა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენ გრუშოვეცმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში არც ის შეუშვეს.