LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმრავლესობის წევრები ასეთი მომზადებული დიდი ხანია არ ყოფილან – ასეთ კითხვებს და მწარე რემარკებს ვერ ბედავენ, როცა ტრიბუნასთან დგანან მინისტრები: ანა ნაცვლიშვილი

65
ანა-ნაცვლიშვილი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უსმენენ, „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ „ასეთი მობილიზებული, მომზადებული და ნამეცადინები უმრავლესობის წევრები დიდი ხანია არ ყოფილან“.

მისივე განმარტებით, „ასეთ კითხვებს და მწარე რემარკებს ისინი ვერ ბედავენ, როდესაც პარლამენტში მინისტრები არიან ხოლმე მისულები, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებელი ბავშვთა შიმშილზე ამ ქვეყანაში“.

„თქვენ და თქვენს ძალიან პროფესიონალ გუნდს მინდა გადაგიხადოთ მადლობა გაწეული საქმიანობისთვის. ზუსტად ვიცი, რომ ეს არ იყო მარტივი და ვიცი, რომ გარე თუ შიდა ბარიერი შეგექმნებოდათ ამ გზაზე, ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის, რაც შეძელით და გააკეთეთ. ასევე მადლობა იმისთვის, რომ უმრავლესობა ფორმაში მოიყვანეთ. ასეთი მობილიზებული, მომზადებული და ნამეცადინები დიდი ხანია არ ყოფილან. ასეთ კითხვებს და მწარე რემარკებს ისინი ვერ ბედავენ, როდესაც აქ დგანან მინისტრები, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებელი ბავშვთა შიმშილზე ამ ქვეყანაში. ასეთ მწარე კითხვებს და რემარკებს ისინი ვერ ბედავენ, როდესაც აქ არიან ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც მათ უთვალთვალებენ და აშანტაჟებენ. მოქალაქეების კი არა, საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით ვერ ბედავენ, რომ ხმა აიმაღლონ ძალოვნების წინააღმდეგ. ასეთ კითხვებს ისინი ვერ უსვამენ სუს-ის უფროსს, რომელიც შემოაპარეს და გააპარეს და დახურეს სხდომა. ამას აქ იმიტომ აკეთებენ, რომ თქვენ გარკვეულწილად ანგარიში გაგისწორონ იმ სწორი საქმისთვის, რომელსაც აკეთებდით. მეორე და არანაკლებ ცუდი მიზანი, რომელიც უმრავლესობას ამოძრავებს, არის არა თქვენ წინააღმდეგ გალაშქრება, არამედ უკვე მომავალი სახალხო დამცველისთვის თითის დაქნევა და იმის ჩვენება, რომ „აი, რა მოხდება თუ შენ ჭკუით არ იქნები და გააგრძელებ სახალხო დამცველობას“. ეს არის დღევანდელი მასკარადის მიზანი“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

„ლელოს“ დეპუტატი ეხმიანება „ქართული ოცნების“ დეპუტატის ბექა ოდიშარიას განცხადებასაც, რომელმაც სახალხო დამცველს შემდეგი კითხვით მიმართა: პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე და მეოხე – ეკლესიას რას ერჩით?

ანა ნაცვლიშვილის თქმით, „თავად „ქართული ოცნება“ ებრძვის ეკლესიას, როდესაც ლოცვის საიდუმლოებაში უძვრება ადამიანების, სუს-ით მღვდლებს უსმენს“.

„აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო ნიანგის ცრემლებით საუბარს იმაზე, რომ თურმე ვიღაც ეკლესიას ებრძვის. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ არ ებრძვის ეკლესიას და იცავს რელიგიურ ნორმებს, როდესაც ლოცვის საიდუმლოებაში უძვრება ადამიანების თავისი სუს-ით და როგორც ჩანს, მღვდლებს რომ უსმენს, ეს ყოფილა რელიგიის პატივისცემა. ასევე გელათი რომ ირეცხება, ეს ყოფილა თურმე რელიგიისა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა, ყოჩაღ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები