LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნამუსობასაც ხომ აქვს საზღვარი: ტორპედომ ალბანეთი, მსაჯი, კუკეში ერთად გადალახა (ვიდეო)

89

ქუთაისის „ტორპედო“ ევროპა ლიგის პლეი-ოფშია გავიდა. საქართველოს ჩემპიონმა ალბანურ „კუკეშთან“ მოპოვებული თბილისური უპირატესობის (5:2) შენარჩუნება მოახერხა, სტუმრად 0:2 დათმო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

0:2 კი შეიძლება სულაც არ ყოფილიყო, მსაჯს (შვეიცარიელი ალენ ბიერი) ოდნავ ნამუსი მაინც რომ ქონოდა. ორი საეჭვო პენალტი ქუთაისელთა კარში (მეორე განსაკუთრებით) და თავის მხრივ „ტორპედოს“ გატანილი ნაღდი გოლების არჩათვლა.

საინტერესოა რას იტყვის უეფა, თუმცა ეს ორგანიზაცია (ფიფაც რა თქმა უნდა) თავად არაერთი უსამართლო გადაწყვეტილების მიღებას უწყობს ხელს და მსაჯების არაობიექტურობას რამდენი გუნდი და თამაში შეეწირა ვინ მოთვლის, რეაგირება კი თითქმის არაფერი.

„ტორპედო“ აპირებს მსაჯობის გასაჩივრებას და ვნახოთ ერთი რას იტყვის ევროპული ფეხბურთის ორგანო, რომელიც, რომ კითხო, ფეხბურთის განვითარებას უწყობს ხელს.

კიდევ ერთი კითხვა: ეს რომ ყოფილიყო ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩი და ვთქვათ „ტორპედო“ (მცირე ქვეყნის წარმომადგენელი) შეხვედროდა ლონდონის „არსენალს“. ასეთ დროს გრანდს რომ მიუდგნენ, გასაგები იქნება – ინფრასტრუქტურა, სტადიონი, ბილეთები, ტრანსლაცია – იმდენი რამეა, ცხადია ბობოლა ურჩევნით ჯგუფში, მაგრამ ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის გუნდი ითამაშებს თუ ალბანეთის რომელიღაც არაფრით გამორჩეული ქალაქის არაფრით გამორჩეული კლუბი, აქ ამდენი სახლაფორთო წესით არ უნდა იყოს.

თამაშზე საუბარს რა აზრი აქვს. „ტორპედომ“ ორი გოლი გაუშვა პენალტით. ამას დაუმატეთ თბილისში დანიშნული ასევე საკამათო თერთმეტმეტრიანი. მოკლედ, სამი პენალტს რომ აჩუქებენ (სამ გოლს) მეტოქეს და მაინც გახვალ მომდევნო ეტაპზე, რა თქმა უნდა, ქების ღირსი ხარ. პლუს ჩვენებს გოლები არ ჩაუთვალეს. აგერ ვიდეოში ყველაფერი ჩანს და რადგან ჩვენ „ტორპედოს“ მხარეს ვართ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში მიკერძოება არ გვალაპარაკებს.

და კიდევ: “ტორპედომ” “კუკეშთან” შავი სამკლავურებით ითამაშა.
კლუბმა ეს “ბორჯომის” ფეხბურთელ თედო კაკულიასა და ნუკრი რევიშვილის შვილის ხსოვნის საპატივსაცემოდ გააკეთა.

მატჩის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა თქვა:

„მთავარია, რომ პლეი ოფში ჩვენ გავედით. ვიცოდი, რთული მატჩი რომ გველოდა და ასეც მოხდა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს. პრობლემებზე, რაც აქ დაგვხვდა, საქართველოში ვისაუბრებთ, იქ გავაკეთებთ ანალიზს. პლეი ოფში მაქსიმუმს გავიღებთ, რომ მთელ საქართველოს სიხარული მოვუტანოთ“.

ელბასანი. “ელბასან არენა”.
კუკეში – ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 რეჯინალდო (29, პენ), 2:0 რეჯინალდო (75, პენ)

ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, კობახიძე, ქიმაძე (გეგეჭკორი 82), აზაცკი, მარინი, დოლიძე (კუტალია 62), კუხიანიძე, ჰლინკა (გიგაური 69), ცინცაძე, ლაჩნი

 

 

ქუთაისის „ტორპედო“ ევროპის ლიგის პლეი ოფში ბულგარეთის წარმომადგენელს შეხვდება. შიროკი ბრეგის სტადიონზე ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ბოსნიური „ზრინსკი“ ბულგარულ „ლუდოგორეცს“ მასპინძლობდა.

პირველი მატჩი ბულგარეთში „ლუდოგორეცმა“ 1:0 რუმინეთის ნაკრების მცველის, კოზმინ მოტის გოლით მოიგო. განმეორებით დაპირისპირებაშიც ბულგარელები რუმინელმა ლეგიონერმა დააწინაურა – 24-ე წუთზე ბოსნიელთა კარი კლაუდიო ანდრია კესერუმ აიღო. დამატებულ დროში საპასუხო გოლი ბოსნიელმა ნემანია ბილბიამ გაიტანა, მაგრამ „ზრინსკიმ“ მეტი ვეღარ მოახერხა და შეხვედრა 1:1 დასრულდა, პლეი ოფში კი ბულგარული გუნდი გავიდა.

ევროპის ლიგის პლეი ოფში „ტორპედოსა“ და „ლუდოგორეცის“ პირველი შეხვედრა 23 აგვისტოს თბილისში გაიმართება, 30 აგვისტოს კი რაზგრადის „ლოდოგორეც არენაზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები