თათა სადრაძის საავტორო გადაცემაში არტ ფმ სტუმრობდნენ გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე. მომღერლებმა საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან განსაკუთრებულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
გელა: დავიწყებ იმით, რომ 16 წლის ვიყავი, როცა მე და ჩემი ძმა უწმინდესთან მოვხვდით. მაშინ, მამა გარდაგვეცვალა და დაკრძალვის მეორე დღეს სიონში მიგვიყვანეს, უწმინდესთან და აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მგალობლების სტატუსით მიგვიღო პატრიარქმა. გიორგი სვიმონს, უწმინდესის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელს ჩააბარა ჩვენი თავი. ყველაზე მთავარი იყო, რომ ასე გვითხრა, მამათქვენის სული ცხონდა, მამათქვენმა მგალობლები გამოგვიგზავნაო. ჩვენ ანსამბლი გვყავდა მაშინ, რომლებიც ჩვენთან ერთად უწმინდესთან მოვიდნენ. გვითხრა, დიდი გუნდი უნდა გააკეთოთო. ჩვენი ამ სიმღერის სიყვარულით, იმ ენთუზიაზმით ეს გუნდი გახდა ძალიან დიდი, უწმინდესის ლოცვა კურთხევით. დღეს, მოგეხსენებათ, სამების საპატრიარქო ტაძრის გუნდი როგორი უმაღლესი დონისაა, გამორჩეულია, როგორც გალობის თვალსაზრისით, ასევე პროფესიული მუსიკის თვალსაზრისით და მოწინავეა დღევანდელ ჩვენს გუნდებში.
რაც შეეხება ჩვენს ისტორიებს, უამრავი ისტორია გვაქვს ჩვენს უწმინდესთან. ფაქტობრივად, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა მამა მე და ჩემს ძმას, მაშინ გამოგვეცალა და იქიდან დაიწყო, ასე ვთქვათ, უწმინდესის კალთის და ფრთების ქვეშ ყოფნა და იქ ჩამოვყალიბდით, იქ ვიზრდებოდით, ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობდით. უწმინდესთან ერთად მოვიარეთ როგორც რეგიონები, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის, რა თქმა უნდა, ვიყავით იერუსალიმში, წმინდა მიწაზე, სადაც საოცარი წირვა-ლოცვა აღევლინა, მახსოვს, უწმინდესთან ერთად ვეზიარეთ კიდეც. იყო საოცარი შეხვედრები ჩვენს თანამემამულეებთან, ემიგრანტებთან ბრიტანეთში, საფრანგეთში და ა.შ. და უწმინდესის მოწოდება, თხოვნა და ლოცვა-კურთხევა ყოველთვის იყო, რომ ჩვენი თანამემამულეები აუცილებლად დაჰბრუნებოდნენ თავიანთ ფესვებს, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც ისინი იმ პრობლემების მოგვარებას დაძლევდნენ, რისთვისაც წასულები იყვნენ.
ანუკი: ის ისტორია მოყევი, ბაღში რომ დაგნიშნა…
გელა: როდესაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მკითხა, როდის ამთავრებ უნივერსიტეტს, ლექციები როდის გიმთავრდებაო, ვუთხარი, შუადღეს, სადღაც, 2-3 საათისთვის მეთქი. მაშინ, მაგ დროს გელოდებიო. გამწვანების სამსახურში დედა სოფია იყო უფროსი და მე დამნიშნა ბაღში, რომ სხვაგან არ წავსულიყავი და სხვა რამისთვის არ დამეთმო დრო.
რეპეტიციებიც საპატრიარქოში გვქონდა და ძალიან ხშირად შემოდიოდა ჩვენს რეპეტიციებზე, შესაბამისად, გვისწორებდა სიმღერასაც, გალობასაც.
2003 წელია, უწმინდესმა რეპეტიციიდან გამოგვიყვანა, ბაღში დავსხედით და გვესაუბრებოდა, ამიხსენით, რა არის სიყვარულიო. ჩვენ ვიდექით და ცოტა ვიბოდიალეთ, ბევრი რამე ვთქვით ერთობლივად, მან გვითხრა – „სიყვარული არის თავად უფალი“. ერთ სიტყვაში, ერთ წინადადებაში გვიპასუხა.
გვქონდა ბედნიერება, რომ მასთან ერთად გვესადილა, მასთან ერთად გვევახშმა.
მარიამი გაგვიჩნდა თუ არა, ტელეფონმა დამირეკა და ტელეფონში უწმინდესის ხმა გავიგე, გელა, გავიგე რომ გაგიჩნდა ბავშვი და გილოცავ, რა დაარქვიო, მე ვუთხარი, მარიამი დავარქვი-მეთქი და რა იყო სახელის დარქმევაც არ დამიტოვეო?! ვუთხარი, თქვენო უწმინდესობავ, რასაც მეტყვით, იმას დავარქმევ-მეთქი და არა, არაჩვეულებრივი სახელია და გელოდებით, როდესაც შეძლებთ, მოდითო. მარიამი რომ მივიყვანეთ, ისე ეფერებოდა, ისე ეთამაშებოდა.
ჯვრისწერაზეც იყო საოცარი მომენტი, როდესაც უწმინდესთან მივედი და ვუთხარი, ამა და ამ რიცხვში გვინდა, რომ ჯვარი დავიწეროთ-მეთქი, მითხრა, გელოდებით, უნდა დაგლოცოთო. მივედით თუ არა, მითხრა, მოდი, მეორე სართულზე გავაკეთოთ ქორწილის ტრაპეზიო და მე ვუთხარი, მივფრინავთ-მეთქი, გასტროლი გვქონდა იმ ღამესვე. სიონში გადავედით, მამა შალვა კეკელიამ, ჩვენმა უძვირფასესმა მოძღვარმა დაგვწერა ჯვარი, უწმინდესმა დაგვლოცა.
მერე, იკაკოც მივიყვანეთ უწმინდესთან.
ვიცი, რომ ორმოცამდე ყველა კონცერტზე უარი თქვით…
ანუკი: კი, ნამდვილად, ყველა კონცერტზე და ღონისძიებაზე ვთქვით უარი, ერთადერთი, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ზუსტად ორი დღის წინ ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი, ძალიან აკადემიური, ძალიან კლასიკური. როდესაც საქმე ეხება საქველმოქმედო კონცერტს, სადაც, დავეხმარებით იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ძალიან სჭირდებათ, რა თქმა უნდა, უარს ვერ ვიტყვით. ყველაზე დიდი სიხარული ის იყო, რომ მსმენელმა, რომელიც მაინც უფრო აკადემიურია კონსერვატორიის დიდ დარბაზში, მაინც უფრო თავშეკავებულია, დიდი სიყვარული გამოხატა ჩვენდამი. დიდი აპლოდისმენტებით, ფეხზე დამდგარმა მსმენელმა გამოგვაცილა.
