ტელეწამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია ნობელის პრემიის ლაურეატის, რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორის, დიმიტრი მურატოვის მიერ უკრაინაში შეჭრამდე ორი კვირით ადრე გაკეთებულ განცხადებას უზიარებს საზოგადოებას და წერს, რომ დიმიტრი მურატოვმა “ფაქტობრივად იწინასწარმეტყველა, რომ ეს ომი დაიწყებოდა”
რამდენიმე დღის წინ, „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორს მოსკოვი-სამარას მატარებელში წითელი საღებავი შეასხეს. მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავად მურატოვმა გაავრცელა. მან გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც ასახულია თავდასხმის შედეგები.
“რამდენიმე დღის წინ ამ შესანიშნავ პიროვნებას თავის სამშობლოში, რუსეთში წითელი საღებავი შეასხეს. ამ ფაქტის შემდეგ გადავწყვიტე კიდევ ერთხელ გავაზიარო მისი გამოსვლა. ვისაც აქამდე არ მოგისმენიათ, გირჩევთ, გადადოთ 20 წუთი ამ საქმისთვის.
სიტყვა წარმოთქმულია 2022 წლის 10 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე ორი კვირით ადრე. ამას შემთხვევით არ ვამბობ – ,,ნოვაია გაზეტას” რედაქტორმა ფაქტობრივად იწინასწარმეტყველა, რომ ეს ომი დაიწყებოდა.
ტრადიციულად, ნობელის პრემიის მინიჭებისას ლაურეატი კითხულობს ლექციას. მურატოვს მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცებაში. მე უფრო მეტად ლიტერატურის დარგში ლაურეატების ტექსტებს ვიცნობ. ყველა ლექცია წაკითხული მაქვს და შემიძლია, მათ შევადარო. თამამად ვიტყვი, რომ მურატოვის გამოსვლა ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
რა თქმა უნდა, მურატოვმა სხვა ჟურნალისტებთან ერთად ანა პოლიტკოვსკაიაც ახსენა.
ერთი სიტყვით, თუ აქამდე არ გინახავთ, ახლა ნახეთ.
ლექცია მთავრდება შესანიშნავი სიტყვებით :
რუსულ და ინგლისურ, სხვა ენებზეც არის ერთი ასეთი გამოთქმა: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ – The dog barks, but the caravan goes on. მას ასე განმარტავენ: ქარავნის წინ მოძრაობას ხელს ვერაფერი შეუშლის. ზოგჯერ ხელისუფლება ასე აგდებულად საუბრობს ჟურნალისტებზე. ისინი ყეფენ, მაგრამ გავლენას ვერაფერზე ახდენენ.
მე კი ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ გამოთქმას საპირისპირო მნიშვნელობა აქვს.
ქარავანი წინ მიდის იმიტომ, რომ ძაღლები ყეფენ.
ისინი იზრდებიან და თავს ესხმიან მტაცებლებს მთებსა და უდაბნოებში. და წინ მოძრაობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ისინი მიაცილებენ ქარავანს.
დიახ, ჩვენ ვყეფთ და ვიკბინებით. ჩვენ ეშვები გვაქვს და მაგრად ჩავლებაც შეგვიძლია.
მაგრამ ჩვენ ვართ – მოძრაობის პირობა.
ჩვენ – ტირანიის ანტიდოტი ვართ”