LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვამაყობ, რომ ჩვენს შემოქმედებით ოჯახს, პირველ რიგში, მეგობრობა და საერთო ღირებულებები გვაკავშირებს… შეიძლება ითქვას, რომ ეს სოციალური აქტია, რადგან გვყავს უკრაინელი სტუმარი“ | თეონა ჯორბენაძე, ლიზი რამიშვილი და ლიზი კაკაბაძე კონსერვატორიის მცირე დარბაზში დაგეგმილი კონცერტების სამზადისის შესახებ

893
თეონა ჯორბენაძე

რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ-FM“ კონცეპტ-არტის დამფუძნებელი, პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე, საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი, ლიზი კაკაბაძე და ცნობილი ჩელისტი, ლიზი რამიშვილი სტუმრობდნენ, რომლებმაც 13 და 20 ივნისს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში დაგეგმილი კონცერტების სამზადისზე ისაუბრეს.

13 ივნისს, ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt საერთაშორისო აღიარების მუსიკოსების, ცნობილი ჩელისტის ლიზი რამიშვილის და უკრაინელი პიანისტის მარია კლიმენკოს კონცერტს წარმოგიდგენთ. ხოლო, 20 ივნისს საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატის ლიზი კაკაბაძის საფორტეპიანო კონცერტი გაიმართება.

თეონა ჯორბენაძე:

13 ივნისი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სოციალური აქტი, რადგან გვყავს უკრაინელი სტუმარი, არაჩვეულებრივი პიანისტი, მარია კლიმენკო და ჩვენი უშიშარი გოგო, ლიზა რამიშვილი. მახსოვს შარშან, ბათუმში, გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფესტივალზე ვიყავით, როდესაც ლიზამ თქვა, რომ უკრაინაში, ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა. სანამ ჩავიდოდა, ძალიან ვინერვიულე. ამჯერად, ჩვენ მოვიწვიეთ უკრაინელი პიანისტი, მარია კლიმენკო. ჩვენს მსმენელს ძალიან საინტერესო პროგრამა ელოდება.

ლიზა [რამიშვილი] ძალიან დამეხმარა პროექტის საორგანიზაციო საკითხებში, მათ შორის, მხარდაჭერების მოძიების კუთხით. ცოტა ხნის წინ, ერთმა ადამიანმა, ჩვენი გუნდის წევრზე მითხრა, მაოცებს, ყველაფერთან ერთად, რა კარგი ადამიანიაო. მიხარია და ვამაყობ, რომ ჩვენს შემოქმედებით ოჯახს, პირველ რიგში, მეგობრობა და საერთო ღირებულებები გვაკავშირებს.

აქვე მინდა დავაანონსო, რომ 12 ივნისს, ლექსო თორაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის კონცერტზე, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, გიორგი ცაგარელი დაუკრავს. ჩემთვის საამაყოა ამ ადამიანებთან ურთიერთობა. სხვათა შორის, უცხოეთში მყოფი ჩვენი ბევრი არტისტი ამბობს, რომ საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ინტერესია ხოლმე, გულშემატკივრობენ ჩვენს ქვეყანას და აქ ჩამოსვლის სურვილი აქვთ.

13 ივნისს აღიარებული ჩელისტი ლიზი რამიშვილი უკრაინელ პიანისტთან ერთად კონცერტს გამართავს

ლიზი კაკაბაძე:

ერთი წელია, რაც Texas Christian University-ის მაგისტრატურაზე ვსწავლობ და სამშობლოში დაბრუნება ძალიან ამაღელვებელი ყოფილა. ის მრავალწლიანი ისტორია, განსაკუთრებით კლასიკურ მუსიკაში, რაც მოგვდევს, ქართული, თუნდაც კულტურული, ეთიკური, ესთეტიკური ღირებულებები და ფასეულობები აბსოლუტურად ევროპულ სკოლაზეა დაფუძნებული. ამ ერთი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტად მახარებდა ის ფაქტი, რომ სტუდენტები, პროფესორები თუ ორკესტრის წევრები, აბსოლუტურად ყველა ხაზს უსვამდა იმ ფასეულობებს, რაც გაგვაჩნია ხელოვნებაში, მუსიკასა თუ თეატრში.

ჩემდა გასაკვირად, საქართველოზე და ჩვენს ყოველდღიურობაზე ისე ჰყვებოდნენ ხოლმე, მე თავად არ ვიცოდი კარგად ის ნიუანსები, რაც მათ უკვე შესწავლილი ჰქონდათ. ძალიან სასიხარულო და ამაღელვებელი ფაქტია, როდესაც ჩვენი ქვეყანა ასეთი ცნობილია ამერიკასა თუ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში.

20 ივნისს, საღამოს რვა საათზე, ყველას დიდი სიყვარულითა და მოლოდინებით გელოდებით კონსერვატორიის მცირე დარბაზში. რაც შეეხება პროგრამას, პირველ განყოფილებაში, ფ. შოპენის 24 პრელუდი შესრულდება, ხოლო მეორე განყოფილებაში ფ.შოპენის საფორტეპიანო კონცერტი N. 2. ცოტა ფილოსოფიური კონცეფციაა. ვფიქრობ, ხელოვნება და განსაკუთრებით მუსიკა, ყველაზე ნათლად და მკვეთრად აირეკლავს მიმდინარე მოვლენებს. ამ შემთხვევაში, შოპენი ზუსტად ის კომპოზიტორია, რომელიც ძალიან ახლოს დგას ჩვენი ქვეყნის სულიერ მდგომარეობასთან.

20 ივნისს საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატის ლიზი კაკაბაძის საფორტეპიანო კონცერტი გაიმართება

ლიზი რამიშვილი:

მარია კლიმენკოს, გასულ წელს, აგვისტოში, უკრაინაში გამართულ ფესტივალზე შევხვდი. ფესტივალის ერთი დღე საქართველო-უკრაინის მეგობრობას დაეთმო და არც კი დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი აღნიშნულ შემოთავაზებას. მიუხედავად არსებული სიტუაციისა, მაშინ მაინც მოხერხდა კონცერტის ჩატარება. ჩემი დიდი სურვილი იყო, მარია კლიმენკო ქართველ მსმენელსაც გაეცნო. ის მართლაც არაჩვეულებრივი პიანისტია და იმ პირობებიდან გამომდინარე, რაშიც დღეს იმყოფება, მისი კარიერული ზრდა ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული, აქედან გამომდინარე, დიდი სურვილი მქონდა უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გამოსახატად, საქართველოში ჩატარებულიყო ერთობლივი კონცერტი.

დიდი მადლობა, თეონა ჯორბენაძეს, ასევე, ჩვენს მხარდამჭერებს „კოკა კოლას“ და საინვესტიციო ფონდს „კეტარი“, რომლებიც გვერდში ძალიან დაგვიდგნენ. მოგეხსენებათ, უცხოეთიდან მუსიკოსის ჩამოყვანა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და მათ გარეშე, დღეს ამ ყველაფერზე საუბარი შეუძლებელი იქნებოდა.

რაც შეეხება პროგრამას, ევროპულ-ქართულ-უკრაინული პროგრამა გვაქვს არჩეული, არგენტინასაც გადავწვდებით. ერთ-ერთი ნაწარმოები 2015 წლის, 13 ივნისის ტრაგედიასა და უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ხსოვნას მიეძღვნება. კონცერტს სულხან ცინცაძის პიესებით დავხურავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g