შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი სალომე სამადაშვილი ნიკა მელიას ბოლო განცხადებას ეხმაურება. სამადაშვილი ამბობს, რომ “კანონპროექტის როგორც შეტანა, ისევე უკან გამოწვევა ყოველთვის შეიძლება”.
მისივე თქმით, შეთანხმება ხელმოწერილია და მხარეებმა რაიმე ცვლილებაზე მხოლოდ მედიატორების მონაწილეობით შეიძლება, ისაუბრონ.
“ამიტომ ჩვენ ამისთვის ჯერ გვაქვს დრო. ჯერ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხვალ დავწყოთ შეთანხმების შესრულება, იმიტომ რომ ჩვენ არანაირად არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა “ქართულ ოცნებას”, რომ შეთანხმების ჩაშლა შემოუბრუნოს ოპოზიციას…. მე ვაპირებ ნიკასთან შევიდე საპატიმროში. თუ შევძლებ ხვალვე, მაგრამ მაქსიმუმ ზეგ და მასთან პირადად ვისაუბრებ იმ სურათზე, რაც გამოიხატება ხვალინდელი დღის შემდეგ”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, ციხიდან გავრცელებული წერილით, ნიკა მელია მზადყოფნას გამოთქვამს, დათანხმდეს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას, თუ 20 ივნისის მოვლენების შესახებ ამნისტიის კანონპროექტი არ დარეგისტრირდება ან მხოლოდ აქციის მონაწილეებს შეეხება.
