საქართველოში ვაქცინაციის პროცესი მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე გაგრძელდება, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ერთობლივად, ასევე ექსპერტების რეკომენდაციით მიიღო და მისი მიზანი ვაქცინაციის პროგრამის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
“გუშინდელმა შემთხვევამ დაგვანახა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა შესრულდა დროულად და ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, ასევე პაციენტს იქვე ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხო არის მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება”. – განაცხადა მან.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ყველა ის ჯავშანი, რომელიც მათ კოლეგებს ჰქონდათ გაკეთებული ამბულატორიულ დაწესებულებებში, დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მოხდება მრავალპროფილურ კლინიკებში:
“არის 40 კლინიკა, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება და ყველა იმ პირობასთან ერთად, რაც, როგორც ამბულატორიაში, ასევე სტაციონარებში არის უზრუნველყოფილი ანაფილაქსიური რეაქციის სწრაფი მართვისთვის, აქ არის კიდევ დამატებით განყოფილება, რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ჩარევა იყოს დროული.” – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა
ინფორმაცია "ფორტუნას" პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.
თამარ გაბუნიამ მიუსამძიმრა გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს და აღნიშნა, რომ ის იყო პირველი ექთანი, რომელმაც კოლეგებს ახალციხეში ვაქცინაციის პროცესის დაწყებისკენ მოუწოდა:
“პირველ რიგში, მინდა დიდი სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილი კოლეგის ოჯახის წინაშე, ასევე ყველა კოლეგის წინაშე იმ დიდი დანაკარგის გამო, რაც გამოვცადეთ, უდიდესი ტრაგედიაა და ნამდვილად არ მაქვს სიტყვები აღვწერო – რამდენად დიდი დანაკარგია ეს სისტემისთვის, იმ რთულ პროცესში, როდესაც ქალბატონი მეგი იყო პირველი ექთანი, ვინც ახალციხეში ვაქცინაციის პროცესის დაწყებისკენ მოგვიწოდა”. – აღნიშნა მან.
გაბუნიას განცხადებითვე, დანაკარგი დიდია, თუმცა მათ ისიც ესმით, რამდენად მაღალი რისკების წინაშე ვდგავართ, რაც უკავშირდება ეპიდემიის პროცესს და როგორია ზოგადად, ვაქცინაციის პროგრამის მოსალოდნელი სარგებელი.
ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება. გამოძიება რა თქმა უნდა, იქნება – ანტონ ობოლაშვილი
შსს-მ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
