„ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი“ საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს განცხადებით მიმართავს და მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების მოთხოვნით შუამდგომლობას სთხოვს.
განცხადებას ხელს აწერს თეატრის ყველა, 170 თანამშრომელი.
„ჩვენ, ხელის მომწერნი, სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ვითხოვთ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას.
ვიცნობთ რა ანდრო ჭიჭინაძეს, როგორც კანონმორჩილ, სანიმუშო მოქალაქეს, პატრიოტ ადამიანს და უაღრესად ნიჭიერ პროფესიონალს, მისი პატიმრობა მიგვაჩნია უსამართლო გადაწყვეტილებად.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე.
განცხადებას თან ახლავს თეატრის ყველა თანამშრომლის, 170 ხელმოწერა“, – აღნიშნულია თეატრის მიმართვაში.
საქართველოს გენერალურ პროკურორს ბატონ გიორგი გაბიტაშვილს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის …
Posted by ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი Vaso Abashidze State New Theatre on ორშაბათი, 16 დეკემბერი, 2024
ცნობისათვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 დეკემბერს შეუფარდა. ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.