ნატა ვიბლიანის ხმაურიანი განცხადებებისა და სამართალდამცველების მიერ დაწყებული გამოძიების ფონზე, ნატა ვიბლიანის შვილის ძებნის პროცესი აქტიურ ფაზაში შედის. ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის განცხადებით, ორგანიზაცია „ვეძებ“ მზადაა, სრულიად უფასოდ ჩაუტაროს გენეტიკური ტესტირება 1996-1998 წლებში სვანეთში გაშვილებულ ნებისმიერ პირს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტი მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს და საზოგადოებას ინფორმაციის გავრცელებაში დახმარებას სთხოვს.
„გთხოვთ, ინფორმაციის გავრცელებაში დაგვეხმარეთ
გაგვახსნევინეთ უმნიშვნელოვანესი საქმე…
მინდა მივმართო ყველა ბავშვს, რომელიც არის დაბადებული 1996 წლიდან 1998 წლამდე. ამ წლებს იმიტომ ვასახელებ, რომ შეიძლება მოხდა წლების შეცვლა ამყვანი მშობლების მხრიდან, ამიტომ დაზუსტებით არ ვიცით.
ყველა ბავშვი, რომელიც არის გაშვილებული სვანეთში – ალბათ, უფრო დალის ხეობაში, თუმცა ამ შემთხვევაში ადგილს არ ვაკონკრეტებთ, ვისაც გაუჩნდება სურვილი, რომ გაიკეთოს გენეტიკური ტესტი, ჩვენ მზად ვართ, ისინი გავტესტოთ სრულიად უფასოდ.
ჩვენი ინფორმაციით ბავშვი არის გოგო, თუმცა ნატას აწვდიან ინფორმაციას, რომ არის ბიჭი. არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ ბავშვს, ვინც ამ წლებში დაიბადა და ვინც გაშვილდა სვანეთში, გავუკეთებთ გენეტიკურ ტესტს უფასოდ. დაგვიკავშირდით“, – ამბობს თამუნა მუსერიძე.
ცნობისთვის, დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეომიმართვები, რომლებშიც მოქალაქე ნატა ვიბლიანი მასზე სისტემატურად განხორციელებულ ძალადობაზე ჰყვება – ნატა ვიბლიანის განცხადებით, 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
