დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეომიმართვები, რომლებშიც მოქალაქე ნატა ვიბლიანი მასზე სისტემატურად განხორციელებულ ძალადობაზე ჰყვება – ნატა ვიბლიანის განცხადებით, 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
აღნიშნულის შესახებ ნატა ვიბლიანმა თავდაპირველად ისაუბრა ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის პოდკასტში „ვეძებ“.
აღნიშნული განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა.
23 ივლისს ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, „მარიამ კუბლაშვილი ე.წ. ნატა ვიბლიანის საქმეზე მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დაიცავს“, მოგვიანებით კი ადვოკატმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა მან მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესების დაცვა.
ამჯერად ნატა ვიბლიანი თამუნა მუსერიძის პოდკასტში „ვეძებ“ ამბობს, რომ გრძნობს მისი შვილი ცოცხალია და ბიჭია.
როგორც თამუნა მუსერიძემ აღნიშნა, რომ პირადში საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მიიღო ნატას შვილთან დაკავშირებით.
ჟურნალისტის თქმით, კონკრეტული პირები ეუბნებიან რომ ბავშვის ადგილსამყოფელი იციან და ის დალის ხეობაშია გაშვილებული.
„ყოველთვის მიგრძნობდა გული, რომ ცოცხალია და ბიჭია. უფლის ნებით იმ წამლების შემდეგ თუ ჯანმრთელი დაიბადა, მოვიდეს ჩემთან და მიპოვოს. ჩემი შვილის გაშვილებასა და გასხვისებაში წვლილი მიუძღვის მამიდაჩემს, დარეჯან ვიბლიანს“, – ამბობს ნატა ვიბლიანი.
