„ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა კვლავინდებურად მაღალია და 6.9 პროცენტს შეადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 თვის ეკონომიკური ზრდა კვლავინდებურად ორნიშნაა და 10,5 პროცენტია. ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში,“ – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასების მაჩვენებელი 2021 წლის ოქტომბერსა და 10 თვეში.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოს ეკონომიკის სექტორების უმრავლესობაში დაფიქსირდა. მისი თქმით, განსაკუთრებულად მაღალი ზრდის ტემპით ხასიათდება გადამამუშავებელი მრეწველობა, აგრეთვე ლოგისტიკა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრია, რომლის აღდგენის ტემპიც საკმაოდ მაღალია.
ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.5 პროცენტია. მათივე ცნობით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, ვაჭრობა. საქსტატის მონაცემებით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.
ამასთანავე, 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში, საქონლის ექსპორტმა 3 392.5 მილიონი დოლარი შეადგინა, იმპორტმა – 7 959.9 მილიონი დოლარი, საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ კი 11 352.4 მილიონი დოლარი შეადგინა.
