ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც 13 წლის მოზარდი მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ხოლო 2 მოზარდი მძიმედ დაშავდა, მოდელი თიკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ეს არის ტკივილი, რომელიც უსასრულოდ გრძელდება.
მისივე თქმით, სიმწარე და უსუსურობაა, როდესაც საკუთარ შვილს საბოლოოდ იკრავ გულში და ემშვიდობები.
“ბევრი სისულელე გავაკეთე ამ ამბის მერე…თითქოს არც ესმოდა ჩემს ყურს. მეგობრებთან ერთად ვიყავი, მათი მორიდებული მზერაც მახსოვს, რომ მითხრეს და ჩემს რეაქციას დაელოდნენ. მე კი უაზროდ ვიცინოდი, ვხუმრობდი და თითქოს არაფერს ვგრძნობდი. თუმცა ვერ გავუძელი, გადავხედე ინფორმაციას, კადრებს. უმძიმეს კადრებს, საკუთარ შვილს საბოლოოდ რომ იკრავ გულში [ჯერ კიდევ თბილს] და ემშვიდობები. რა სიმწარეა, რა უსუსურობაა. და ეს ტკივილი უსასრულოდ რომ გრძელდება”, – წერს თიკო ჩხეიძე.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მისი მეუღლის, მოდელ თიკო ჩხეიძეს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. რამდენიმე წლის წინ, თბილისში, უბედური შემთხვევის შედეგად, წყვილს 9 წლის გოგონა გარდაეცვალა.
თიკომ ტრაგედიასთან გამკლავების ერთ-ერთ გზად წიგნის დაწერა აირჩია. გამოცემა მის გოგონას ეძღვნება და „აღსარება დედისა“ ჰქვია.
„არ არსებობს ძლიერი და სუსტი, არსებობს ერთი ცხოვრება, რომელიც უნდა გაიარო. ცხოვრების გზაზე, რომელშიც მარცხი წარმატებად შეიცვლება, სიკეთე სიყვარულად მოგევლინება, ტრაგედია ღმერთთან მიგიყვანს და ამ ყველაფრის მამოძრავებელი “ჩემი ცხოვრების ანგელოზი” გახდება“.
ამავე თემაზე: