LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ახლა, რაც უფრო დავახლოვდით და დავნათესავდით, ამ ადამიანებით ვარ გაოგნებული…“ – რას ამბობს მეუღლესა და არველაძეების ოჯახზე ქეთი წიქვაძე

1951
page

მსახიობი ქეთი წიქვაძე ოჯახურ ცხოვრებაზე „მერე პოდკასტთან“ საუბრობს. ქეთის ახლახან ნიკა არველაძესთან მესამე შვილი შეეძინა. წინა ქორწინებიდან კი ორი ბიჭი ჰყავს. ქეთი პატარა რეზი არველაძის დედა გახდა, რომელიც ცნობილი ბაბუის მოსახელეა.

ქეთი წიქვაძე:

ძალიან აქტიური ორსული ვიყავი. სამშობიაროდან რომ გამოვედი, მეორე დღეს, არ ვიცი, რატომ ვიმაიმუნე, გამოვიჩინე საქმე და გავვარდი ქუჩაში. უმუცლოდ მსუბუქად მინდოდა გავლა. სადღაც ტვინში მეჩქარებოდა სახლში. სისწრაფით ავირბინე – კიბეზე ავგორდი, წავიქეცი. საოცარი, გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი. ეგრევე გადავრეკე ნიკასთან, მიშველე, ფეხს ვერ ვდგამ-მეთქი. სახლში რომ ავედი, მივხვდი, რომ ეს ტკივილი არანორმალური იყო. ნიკასაც არ უნდოდა დაეჯერებინა, მადებს ყინულებს, გამორიცხულია, რომ ეს მოტეხილი იყოს… ათასი პროცენტით ვიცოდი, რომ არაადეკვატური დაზიანება მქონდა მიღებული. წავედით საავადმყოფოში. სამ ადგილას მქონდა მოტეხილი და საოპერაციო ვიყავი. ესეც გაიწელა, ვერ გაგიკეთებთ ოპერაციას, რადგან ახალი ნამშობიარები ხარო. ტვინში გადამიტრიალდა რაღაც, მივხვდი, რომ უნდა მოვძლიერდე. ვიტირე… მერე მივედი სახლში, გადავხარშე ეს ყველაფერი, მოვითხოვე ეტლი, წინ დავიდგი ბავშვის ეტლი. არ ვიცი, რა ძალა მაკეთებინებდა ამას. უამრავი ხალხი მეხვია გარს, მაგრამ ღამე არ ვიტოვებდი არავის, ასე გავატარე ეტლში ორი თვე. ათ დღეში გავიკეთე ოპერაცია და მერე რეაბილიტაციას დასჭირდა ეს დრო. მიმართლებს იმაში, რომ არასდროს მაქვს მშობიარობის შემდგომი დეპრესია. როგორც კი ვაჩენ, ვხდები ლაღი და ბედნიერი. ასე ბედნიერად გადავატარე და შევირგე ჩემი შვილის დაბადება. არანაირი გართულებები არ მოვაყოლე ჩემს მდგომარეობას.

ნიკა როგორი მამაა?

კარგი მამაა. მით უმეტეს, როცა ფეხის ამბავი იყო, ჩემთან ერთად ღამე იღვიძებდა და მეხმარებოდა.

რას გვეტყოდი იმაზე, არველაძეების ოჯახში რომ შეხვედი?

მანამდეც ვიცნობდი ამ ოჯახს და ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ახლა, რაც უფრო დავახლოვდით და დავნათესავდით, ამ ადამიანებით ვარ გაოგნებული, ყველაზე საყვარელი ხალხია.

შენი და ნიკას ურთიერთობაში რომ ჩაგვახედო…

ალბათ, ასპროცენტიანი ნდობა ერთმანეთის მიმართ არის ყველაზე მნიშვნელოვანი…

არ მიყვარს პირადზე საუბარი. ცოტა თავს ვარიდებ პრესას, გადაცემებს, პოდკასტებს.

ჩემს თავში მაქვს ჩაბეჭდილი ძალიან მკაცრად, რომ ჩემს შვილებზე ცუდი არ უნდა ვიფიქრო. ის არ დაემართოს, ეს არ დაემართოს, მაქვს დაბლოკილი. სადღაც თუ გამიელვებს, ვბლოკავ, ისე მეშინია რაღაცების, რომ დაშვებაც არ მინდა. ამ ემოციებს რომ ავყვე, იმას ეს არ მოუვიდეს, ამას ეს არ მოუვიდეს… მთელი დღე ისე იაროს ერთმაც და მეორემაც, რომ მარტო ტელეფონით გვქონდეს კომუნიკაცია. მთელი დღე თუ ამაზე ვინერვიულე, რომ რამე არ დაემართოს, მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რასაც უშვებ კოსმოსში, იმას იღებ უკან.

დედაჩემის ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს, ორი დედა ჰყავთ ჩემს შვილებს, მე და დედაჩემი. საქმეს ვერ გავაკეთებდი სხვა შემთხვევაში.

ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არის ჩემი ოჯახი და ჩემი შვილები, ის მნიშვნელოვანი ურთიერთობები, რაც დღეს მაქვს, თუნდაც მეგობრებთან. წლებთან ერთად გადაფასებები ხდება, ბევრი გულისტკენა მოჰყვება რაღაცებს, მაგრამ რაღაც მომენტში უკან იტოვებ ბევრ რამეს და უვლი იმას, რაც ყველაზე ძვირფასია. ძალიან ვუფრთხილდები იმას, რაც მაქვს.

რადიკალურ ცვლილებებს ცხოვრებაში არ ვისურვებდი, რადგან ჩემმა შეცდომებმა მომიყვანა ალბათ აქამდე. ეს შეცდომები სწორად უნდა გამოიყენო, უნდა გახდეს მაგალითი, რომ მეორედ აღარ გააკეთო. რაღაცებს არ მოვახდენდი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ცვლილებებს არ შევიტანდი. მომწონს ჩემი ცხოვრება, მიყვარს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები