კლასიკური მუსიკის გავლენიანმა აუდიო/ვიდეო გამომცემლობა Deutsche Grammophon-მა ქართველი ახალგაზრდა ვირტუოზი პიანისტის, ცოტნე ზედგინიძის პირველი ლაივ-ალბომი გამოსცა.
აღნიშნულ ფაქტს პიანისტი, კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ეხმიანება და ამასთან ავრცელებს „დოიჩე გრამაფონის“ მიერ გამოქვეყნებულ ცოტნე ზედგინიძის ვიდეოს, რომლის აღწერაშიც გამოცემა მუსიკოსს არაჩვეულებრივ პიანისტს უწოდებს:
„ამასაც მოვესწარი!!! ჩვენი ცოტნეს ლაივ-ალბომი „დოიჩე გრამაფონზე”!!!
გიგაშას (გიორგი გიგაშვილი) ბეთჰოვენის ფესტივალის ფინალურ კონცერტზე მოგვიანებით დეტალურად მოგიყვებით, ხოლო, პარალელურად, საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან სანდრო ნებიერიძემ რახმანინოვის მესამე კონცერტი, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ დაუკრა! წარმოუდგენლად სასიამოვნო გრძნობა ყოფილა მომავალი თაობის შენი კოლეგების და უძვირფასესი მეგობრების საერთაშორისო წარმატებებით ტკბობა და ამ განცხრომით უკვე საკმაოდ განებივრებული ვარ ბოლო ხანებში!
P.S. თავს არ ვარიდებ ბოდიშის მოხდაზე და ზოგადად მიმდინარე რუსულ სპეცოპერაციაზე წერას, ჩემი დამოკიდებულებების შესახებ ყველამ იცის, ტროლ-ბოტების შემოტევის გაძლებისთვის საჭირო ნერვებს ვზოგავ და ველოდები 26 ოქტომბრის ეგზისტენციალურ არჩევნებს, რომელიც ყველაფერ უმთავრესთან ერთად იმასაც განსაზღვრავს, რამდენად ვიხილავთ აი ამ ოქროს ახალგაზრდებს სამშობლოს სცენებზე“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.