ორი წლის წინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა – კადრებში პედაგოგი, 64 წლის მარინა ბედოშვილი, მოსწავლეებთან ერთად საკლასო ოთახში ცეკვავდა.
აღნიშნული კადრების გავრცელების შემდეგ, აუდიტორიამ უკეთ გაიცნო მარინა ბედოშვილი, რომელიც სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემას სტუმრობდა.
ამჯერად, მარინა ბედოშვილი „რუსთავი 2“-ის გადაცემის – „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ერთ-ერთი რუბრიკის სტუმარია, სადაც მის კიდევ ერთ ჰობსა და საქმიანობაზე საუბრობს. როგორც პედაგოგი ჰყვება, სამი წლის წინ ოჯახმა თიანეთში, სოფელში სახლი და მიწის ნაკვეთი შეიძინა და ახლა, თავისუფალ დროს ბოსტანს უვლის
„მესამე წელია, რაც აქ ვართ. ფული არ გვქონდა… როდესაც ვთქვი, სოფელი უნდა ვიყიდოთ-მეთქი, ჩემმა მეუღლემ თქვა, ეს ქალი გამაგიჟებსო. ჩვენი ოჯახის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. აქ სულ სხვა ცხოვრება მაქვს. მიწა შენი მეგობარია.
სოფელში თუ ვინმე შრომობს, ეს არის მძიმე და ჭაპანწყვეტით შრომა. სიცოცხლეს სხვანაირად უყურებ… ერთი მიტოვებული კერა ხომ მაინც გავაცოცხლეთ?“, – აღნიშნავს მარინა ბედოშვილი სიუჟეტში.