ცნობილი ტელეჟურნალისტი, ნუგზარ რუხაძე ნოე სულაბერიძესთან, „იმედის“ ეთერში საუბრობს ცხოვრების ტრაგიკულ ეპიზოდებზე:
„ცხონებული მამაჩემი ძალიან ადრე გარდაიცვალა, 43 წლის ასაკში გამოგვეცალა მარჩენალი მამა. 14 წლის ვიყავი, ეს რომ მოხდა და დედას ვეხმარებოდი, იმიტომ დავიწყე მუშაობა და ენის სწავლება. სტუდენტობის დროსაც არ გავჩერებულვარ, ასე თუ ისე, თავის რჩენა შეიძლებოდა. დედაჩემს, რომელიც ძალიან ადრე დაქვრივდა, დავუდექი მხარში ძალიან კაცურად, ოჯახს დავატყვე ჩემი ხელი. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, ჩემი ტირილი, ბღავილი, ესმოდა მთელ საბურთალოს. მოვთქვამდი, როგორც დედაკაცი, დედაჩემს. მომკლა კინაღამ დედაჩემის სიკვდილმა. იმიტომ კი არა, რომ სხვანაირად მიყვარს დედა… ავად იყო. შემომითვალა ჩემმა დამ, ცუდად არის და ესა და ეს წამალი უნდოდა. ავთვისებიანი იყო… ჩამოვიტანე ის წამალი, მაგრამ ჩემს მტერს მოუხდა ის წამალი. დამხვდა, ძლივს დადიოდა. თავისი საძინებელი დამითმო, თვითონ ლოჯში გავიდა… დილას, მძინავს ნახევრად, გავახილე თვალი და ლანდი მოდის ჩემთან. დედაჩემი ნელ-ნელა მოდის ჩემთან. მივიდა ფანჯარასთან, დარაბა დახურა და ფარდა გადაწია. არ გაინტერესებს, რატომ? ბავშვი არ გამიღვიძოსო… ამას ყველა დედა იზამდა, მაგრამ მაგალითი ჩემია. მე შემხვდა ეს ამბავი. დედაჩემი იყო ძალიან მკაცრი ქალი, რომელმაც შრომაში ამომხადა სული ბავშვობაში, სოფელში, როგორც მონას, ისე მაშრომებდა, მომთხოვნი იყო ძალიან, მაგრამ იყო სიკეთით სავსე… რომ გარდაიცვალა, ნათესავი ამბობდნენ, მორჩა, დამთავრდა ჩვენი სანათესავოს წებოო… სულ ჩემს მონატრებაში იყო, სულ შარას გასცქეროდა. ამან დამწყვიტა გული… მაგრად მენატრება…“
