მსახიობმა კახა მიქიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში, „ნოესთან“ ბიძასთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა.
მსახიობი ამბობს, რომ ბიძამისის ტრაგიკულად გარდაცვალებას წინასწარ გრძნობდა:
„ეს ძალიან უცნაური რაღაცაა, დედაჩემის ძმა ძალიან ახალგაზრდა იყო, იყო ძალიან სიმპათიური, უბანსა და სანათესავოში პოპულარული, აქტიური, მომხიბვლელი ადამიანი იყო ყველაფრით. მეც ვბაძავდი, ასეთი ბიძა მყავსთქო და ვემეგობრებოდი. რასაც ახლა ვიტყვი, სანამ ბიძა არ გარდაიცვალა, ვერ ვბედავდი ამის მოყოლას და ჩემს თავს ვუბრაზდებოდი რატომ ვერ ვბედავდი. უცებ დამეწყებოდა ფიქრი და წარმოვიდგენდი როგორ უნდა მოკლან, რომ ეს უნდა მოხდეს ჩემს ხელებში, როგორ ვუყურებ, რომ ეს მკვლელი გარბის, ბიძაჩემი კვდება და როგორ ვდგავარ პანაშვიდებზე, სულ; ვფიქრობდი ახალგაზრდა ბიჭზე ასე რატომ ფიქრობ…
ერთ დღესაც ჩემ ჯგუფელები გასართობად წავედით, ცოტა მოვსვი იმ დღეს და გვიან მივედი სახლში. ბიძაჩემი ჩვენთან იყო, ახლოს ცხოვრობდა. კამათი შემომესმა, მითხრეს დათო ნასვამია, მეზობელთან რაღაც შელაპარაკება მოუვიდა არაფერიო. შევედი, დათოს ვუთხარი მოდი გაგაცილებთქო. შუქი არ იყო მაშინ, გამოვედით ჩემი კარიდან. ამ ადამიანის მამა დაგვხვდა და დანა დაარტყა. დაეცა, როგორც ჩანს არტერია გადაეჭრა და არის ჩემს ხელებში. ვცვდები რომ კვდება და ეს მკვლელი გარბის… ხალხი დაიბნა უცებ და მანქანაში რომ ჩაგვსვეს აღმოჩნდა, რომ ვართ მარტო მე, ბიძაჩემი და ტაქსის მძღოლი.მე მივიყვანე საავადმყოფოში, ჩემს ხელებში მოხდა ყველაფერი დამერე მოვიდა ყველა. როცა დავმშვიდდი გამახსენდა, რომ რასაც წლები ვხედავდი, კინო კადრივით მოხდა ერთი და იგივე, რაც წარმომედგინა ერთი-ერთში მოხდა ყველაფერი. ხმამაღლა თქმა მერიდეოდა, მერე კი ვთქვი… ძალიან უცნაური რამ მოხდა, დღემდე ვერ ვხსნი ეს რა იყო…“ – იხსენებს მიქიაშვილი.
