„მეც, რომ მხოლოდ ეს ფოტო მენახა შეიძლება მეთქვა – არ არის ეს კარგი,“ – ამბობს მსახიობი ლევან ხურცია, რომელმაც რობერტ სტურუას „ვეფხისტყაოსანში“ ავთანდილის როლი შეასრულა.
ლევან ხურცია აღნიშნავს, რომ სპექტაკლს აკრიტიკებენ ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ფოტო აქვთ ნანახი.
„ყველა ადამიანი ხომ ვერ მოდის თეატრში, ვიღაც ხომ მხოლოდ ფოტოს ნახულობს? მეც, რომ მხოლოდ ეს ფოტო მენახა შეიძლება მეთქვა – არ არის ეს კარგი. მაგრამ ხმას ვერ ამოვიღებდი იმიტომ, რომ მე არ ვიცი რა ხდება სცენაზე. ხალხმა ეს ან არ გაიაზრა ან არ უნდოდა გაეაზრებინა.
როდესაც ნახა მარიამმა სპექტაკლი, პირველი თინათინის როლის შემსრულებელს მიულოცა და ჩაეხუტა. ვინ არის ჩემს ცხოვრებაზე ყველაზე მთავარი ადამიანი? – მარიამი. როდესაც მისგან მხარდაჭერას გრძნობ, მე რაში მაინტერესებს ვიღაცა რას დაწერს, რას იტყვის, როგორ იტყვის? მე მაინტერესებს ჩემი რეჟისორის აზრი, მის გენიოსობაზე და დიდ ადამიანობაზე აღარ ვილაპარაკებ…“ – აღნიშნა ლევან ხურციამ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში.
