2019 წლის 20 ივნისიდან 5 წელი გავიდა. სწორედ ამ დღეს რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას, საზოგადოების მძლავრი პროტესტი მოჰყვა.
20-21 ივნისის ღამეს, აქციის დაშლის დროს არაერთი მომიტინგე დაშავდა, მათ შორის იყო მაკო გომურიც, რომელმაც თვალი დაკარგა.
„რადიო თავისუფლების“ გადაცემაში „ბიო“, ხუთი წლის შემდეგ მაკო კიდევ ერთხელ იხსენებს 20 ივნისის ღამეს და ამბობს, რომ 20 ივნისს თუ ნაკლებად ჰქონდათ ადამიანებს გააზრებული, რომ ხელისუფლებაში „რუსეთუმე მთავრობა“ იყო, ახლა სამჯერ და ოთხჯერ გაიზარდა მათი რაოდენობა.
გომურმა ისაუბრა ოპოზიციაზეც და თქვა, რომ მათი იმედი არ აქვს. გომურმა ასევე გააკეთა კომენტარი 20 ივნისის აქტორებზე, რომელთა დასჯასაც, წლებია ითხოვს:
„20 ივნისს თუ ცოტა ადამიანს ჰქონდა გააზრებული, თუ რამდენად რუსეთუმე მთავრობა გვყავდა, ახლა სამჯერ და ოთხჯერ მეტმა გაიაზრა…
ოპოზიციის ნაწილიც მიჰყვება ქოცების თამაშს. მე არ მახსოვს ამ ხუთი წლის განმავლობაში თამაში წამოეწყოს ქოცებს და არ წამოჰგებოდა ამას ოპოზიცია.
ვინმემ რომ მკითხოს ვისი იმედი გაქვს, ჩვენ არ მგონია, რომ ვინმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დავასახელებთ, ალბათ, ისევ საკუთარ თავებს დავასახელებთ.
კითხვაზე, ის აქტორები, რომელთა დასჯასაც ითხოვდით, კვლავაც აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობენ უპასუხა:
რატომღა ჰყავს ამდენი მხარდამჭერი, მით უფრო ის ადამიანები, რომლებიც ორი დღით ადრე მე მიცხადებდნენ მხარდაჭერას?
როცა ჩემს ქვეყანას ეხება, მე არ მესმის როგორ უნდა იყო ჩუმად?“ – ამბობს მაკო გომური.
ცნობისთვის, 2019 წლის 20 და 21 ივნისს, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძლის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას საპროტესტო აქციები მოჰყვა.
აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო.