როგორ გამოიყურებიან ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ქართული ფილმის “სიყვარული ყველას უნდა” ერთ-ერთი მთავარი გმირები მაყვალა და ბურნუთა 42 წლის შემდეგ.
აღნიშნულის შესახებ სიუჟეტი გადაცემა “პოსტ ალიონის” გუნდმა მოამზადა.
როგორც მაყვალას როლის შემსრულებელი, მსახიობი დარეჯან ხაჩიძე იხსენებს, გადაღების პროცესში თმის ვარცხნილობა და გრიმი საშინლად არ მოსწონდა.
“თავიდან არ მომწონდა, როდესაც ქუჩაში მცნობდნენ, შემდეგ შევეჩვიე და მსიამოვნებდა კიდეც”, – საუბრობს დარეჯანი.
როგორც ის აღნიშნავს, ფიზიკურად ბავშვობიდანვე ძლიერი და მოძრავი იყო, შესაბამისად ფილმის სცენებში მოხერხებული გოგოს როლის მორგება არ გასჭირვებია.
“სიყვარული უფრო მდგომარეობაა. ზოგისთვის სასიამოვნო, ზოგიერთისთვის მტკივნეული”, – საუბრობს მსახიობი.
ბურნუთას როლის შემსრულებელი, ვახტანგ ფაჩულიძე აღნიშნავს, რომ კახელების ცხოვრების გასაცნობად რეჟისორმა სპეციალურად ამ კუთხეში საცხოვრებლად გაგზავნა.
“ბურნუთას სახელს ძალიან მივეჩვიე. ეს ნიშნავს, რომ მაყურებელს უყვარხარ და ეს უდიდეს რამეს ნიშნავს. უფალმა სამყარო სიყვარულისთვის შექმნა. ამის გარეშე ვერაფერი იარსებებს”, – საუბრობს მსახიობი.
