ყოველ წამს ვიცოდით, რომ შეიძლება მოვმკვდარიყავით, გადარჩენის შანსი არ გვქონდა, – შოვში მყოფი ერთ-ერთი დამსვენებელი ტელეკომპანია „პირველთან” სტიქიის დეტალებს იხსენებს.
მისი თქმით, ამ დროისთვის სამშვიდობოს არიან და საჩხერემდე გამოსვლა მოახერხეს.
„საშინელ სტიქიასთან გვქონდა საქმე, მე და ჩემმა მამიდაშვილმა ალბათ მეტრებში გამოვასწარით. სასწაული რაოდენობის ინერტული მასა მოწყდა, წინ იყო წყალი უკან მეწყერი, როგორც წყევლაშია. მანქანები წაიღო, თუმცა ვინ დაეძებს ხალხი დაიღუპა. ჩვენ სასტუმროს კორპუსმა დაგვიცვა, რადგან მეწყერი ორივე მხარეს ჩამოვიდა. წამებში მოხდა ეს ყველაფერი. საშინელი ხმა გავიგეთ, თითქოს დაბომბვის.
გამოვიქეცით და შუაში რამდენიმე ათეული მეტრი კუნძულივით იყო და სასტუმროს კედელმა დაგვიცვა. ვცდილობდით პანიკას არ ავყოლოდით. გრუნტის მასა სულ მოძრაობდა და მოდიოდა. გამუდმებით ვმოძრაობდით, რომ გადავრჩენილიყავით.
ყოველ წამს ვიცოდით, რომ შეიძლება მოვმკვდარიყავით, გადარჩენის შანსი არ გვქონდა ვერტმფრენის გარეშე. ამ დროისთვის სამშვიდობოს გადმოვედით და მოხალისეებს მოვყავართ საჩხერემდე”, – საუბრობს ერთ-ერთი დამსვენებელი.
შოვში მეწყერს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.
ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. კურორტ შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც ადამიანები მოიყოლა.
ამავე თემაზე:
შოვში სტიქიის ზონიდან 12 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვია
ვიდეო: შოვში მეწყერში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს
ვიდეო: „წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, 2-მეტრიანი ტალახია, ყველანი ჩავიხჩობით“