LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვინ მოკლა გიორგი სანაია?” – ზურაბ ჭიაბერაშვილის სტატია, რომელიც 2001 წელს გამოქვეყნდა

351
BeFunky-collage (4)

“ვინ მოკლა გიორგი სანაია?”-ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატუსს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილი ცნობილი ჟურნალისტის, გიორგი სანაიას მკვლელობაზე წერს.

როგორც ცნობილია, სტატია ჯერ კიდევ 2001 წლის 30 ივლისს გამოქვეყნდა გაზეთ “რეზონანსში”.

შეგახსენებთ, გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა.

ვახო სანაია: „კიდევ ერთი 26 ივლისი მოვიდა, ყველაზე მძიმე დღე ჩვენი ოჯახისთვის, გიორგის მკვლელობის დღე, 20 წელი გავიდა”

“ვინ მოკლა გიორგი სანაია?

“რეზონანსი“, 2001 წლის 30 ივლისი

თაობას, რომელსაც გიორგი სანაია განასახიერებს, უკვე მესამედ ესროლეს. 1989 წლის 9 აპრილს, გიორგი სანაიასა და ჩვენი ყველას – მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეების თვალწინ, რუსთაველზე გმირულად დაღუპულ 21 ადამიანს შორის 2 ჩვენი თანატოლი: თამარ ჭოველიძე და ნათია ბაშალეიშვილი. 1994 წლის 3 დეკემბერს მოკლეს გიორგი ჭანტურია – ახალგაზრდა კაცი, რომელიც გიორგი სანიასა და მისი თაობისათვის განასახიერებდა საქართველოს კეთილდღეობისათვის მებრძოლს. 2001 წლის 26 ივლისს ესროლეს თავად გიორგი სანაიას – თაობის ლიდერს, ადამიანს, რომელიც ირგვლივ გამეფებულ სიბინძურესა და ჭაობშიც კი ახერხებდა, მდგარიყო საკუთარი სამშობლოსა და მისი ყოველი პატიოსანი მოქალაქის თავისუფლების, ღირსების, მომავლის სადარაჯოზე.

მსგავსი წერილები, რომელსაც ახლა ვწერ, პათეტიკისა და ხმამაღალი ფრაზების გარეშე არ იწერება. ამაში არც არაფერია დასაძრახი, რადგან ყველას – ჩვენ თაობას – ახლა მართლა ერთი რამის სურვილი გვაქვს: მთელი ძალით ვიბღავლოთ გადამწყვეტი ბრძოლის წინ. ბოღმა, რომელიც 26 ივლისს ყელში ბურთად იყო გაჩხერილი, ნელ-ნელა ლღვება და მთელ სხეულში ილექება. ბრძოლა იქნება. მტრებისთვის ერთი რამ რჩება გაუგებარი: საკუთარი თანატოლების სისხლში გვბანენ და არ იციან, რომ ამით კიდევ უფრო გვაძლიერებენ.

გულწრფელად თანავუგრძნობ გიორგი სანაიას ყველა მეგობარს. და არა მარტო იმის გამო, რომ მათ მეგობარი დაკარგეს. იმიტომაც, რომ მათ არ ეძლევათ საშუალება, წყნარად, ჩემი ქვითინით გააცილონ იგი უკანასკნელ გზაზე. მაგრამ ჩემთვის გაცილებით მძიმე იქნებოდა იმის ატანა, რომ საზოგადოებას არანაირი რეაქცია არ ჰქონოდა იმაზე, რაც 26 ივლისს მოხდა, და მართლაც ეცლიათ მეგობრებისათვის «მშვიდად დატირება».

ყველა ტერაქტს მოსდევს ერთადერთი კითხვა: ვინ მოკლა? მხოლოდ უაღრესად გულუბრყვილო ადამიანს თუ დააინტერესებს ის, უშუალოდ ვინ გამოკრა სასხლეტს ხელი. უფრო მეტიც, უშუალო შემკვეთიცა და დამგეგმავიც კი მხოლოდ ჭანჭიკები არიან იმ დიდი მანქანის, რომელიც ასე უსწორდება თავისუფლების ყოველგვარ გამოვლინებას.

შესაძლოა, ბევრმა იუკადრისოს, მაგრამ გიორგი სანაია მოკლა ყოველმა ადამიანმა, რომელმაც გაიგო ამ მკვლელობის შესახებ და ისევ უდარდელად წავიდა რესტორანსა თუ კაზინოში, საუნასა თუ საბილიარდოში. უფრო მეტიც, გიორგი მოკლა ყველამ, ვინც მანამდე, სანამ იგი ცოცხალი იყო, თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში წავიდა არსებული სისტემის წინაშე კომპრომისზე.
ჩვენ ყველანი ვართ წასული ასეთ კომპრომისებზე. ზოგი იმით, რომ არასწორად შემოხაზა რომელიღაც არჩევნებზე ბიულეტენი, ზოგი კი იმით, რომ თვალი დახუჭა ბიულეტენების არასწორად შემოხაზვასა და ჩაყრაზე. ჩვენ დღესაც კომპრომისზე მივდივართ, როცა «მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შიშით» ვიყენებთ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: «ნუ დავიწყებთ პოლიტიკურ სპეკულაციას…» «დაველოდოთ გამოძიების შედეგებს…» «მივცეთ ვადა სამართლადამცავ ორგანოებს…»

რამდენიც არ უნდა უარვყოთ, საჯარო პირის მკვლელობა უკვე არის პოლიტიკური მოვლენა. ამ მკვლელობის შესახებ საჯაროდ ნათქვამი ყოველი სიტყვა (თვით ეს სტატიაც) უკვე არის პოლიტიკური სპეკულაცია. მაგრამ რატომ გვაშინებენ ამ კაგებეშნიკური ტერმინოლოგიით? რატომ უნდა ჩავიგუბოთ პირში წყალი? რატომ უნდა წავიდეთ კიდევ ერთ კომპრომისზე?
ან რა გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ? იმას, რომელიც ახალ-ახალ «გარემოებებს» «აღმოაჩენს»? იმას, რომლის ყოველი სიტყვა საყოველთაო მითქმა-მოთქმის და ჭორის საბაბი გახდება? ან ვის რა ვადა უნდა მივცეთ? ხომ მივეცით ვადა აგერ უკვე 30 წელიწადია? მეტი რაღა მივცეთ, როცა უკვე ჩვენს სიცოცხლეს ითხოვენ?

როცა საზოგადოება მზადაა, მიიღოს ტერაქტის შედეგი, როცა საზოგადოება თანახმაა, იცხოვროს სიტუაციაში, რაც ტერაქტს შეიძლება მოჰყვეს, მაშინ აქვს აზრი ტერაქტს. და თუ დღეს საზოგადოება ჩუმადაა, ეს ნიშნავს, რომ მან, ვინც მოკლა გიორგი სანაია, შედეგი მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ამ ტერაქტს აზრი ჰქონია.

არ მინდა ვიყო პესიმისტი, მაგრამ მე უკვე ვარ პესიმისტი. განწყობით და არა ქმედებით. ქმედებას რაც შეეხება, ერთი რამ ვიცი: არ უნდა გავჩერდე. არა იმიტომ, რომ გულზე ხელი ვიბრაგუნო, მამულის ერთგულება ვამტკიცო, გიორგი სანაიას მკვლელების შურისძიება დავიფიცო და ასე შემდეგ. არა, უბრალოდ, გაჩერება არ შემიძლია – ღირსების საქმეა.

ღირსება და თავისუფლება. აი რა გვაკლია. აი, რას ესროლეს 26 ივლისს. აი, რა დგას გამოცდის წინაშე. კიდევ ერთი გამოცდის წინაშე, რადგან წინა გამოცდები ვერანაირად ვერ ჩავაბარეთ. დარწმუნებული ვარ, კიდევ კარგა ხანს ვერ ჩავაბარებთ. მოცემულ ტერიტორიაზე, მოცემულ საზღვრებში მცხოვრები ადამიანების ეს შემადგენლობა აბსოლუტურად უძლური და უუნაროა, გამოცდა ჩააბაროს, რადგან ამ ადამიანების საყვარელი ფრაზებია: «რა უნდოდა, რისთვის მოაკვლვინა თავი…» «ამათ რას მოერევი…»

უფრო მეტიც, ყველა მესამე პირში ლაპარაკობს: «ახლა მაინც თუ ამოიღებენ ხმას…» «ახლა მაინც თუ შეცვლიან რამეს…» თითქმის არავინ ამბობს: «ახლა მაინც თუ ამოვიღებთ ხმას…» «ახლა მაინც თუ შევცვლით რამეს…» და საერთოდ, რა საჭიროა ასეთი ფრაზებით ლაპარაკი? თუ ხმის ამოღება გინდა, კი არ უნდა იმსჯელო, ხმა უნდა ამოიღო.

მაგრამ საქართველოში მსჯელობენ და არ მოქმედებენ. იღებენ რეზოლუციებს, მიმართვებს. და მერე რა, ამით? არც არაფერი. ერთი თვის შემდეგ შეგვრცხვება ერთმანეთის, როცა ვნახავთ, რომ გიორგი სანაიაც ჩვეულებრივი მსხვერპლი ყოფილა და მეტი არაფერი. მაშინ უფრო დავიბნევით, მაშინ კიდევ უფრო შეგვერყევა რწმენა.

გიორგი სანაიას მკვლელობის მთავარი შედეგი საზოგადოებაში შიშის დათესვაა. ასე ხდება ყოველთვის, როცა საზოგადოებისთვის აღვირის ამომდები «ძიები» აღვირს ვეღარ იმორჩილებენ და მართვის სადავეები ხელიდან მისდით. საზოგადოების დაშინება ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალია. როცა პანკისში ადამიანის გატაცება აღარ ჭრის, უკანასკნელ მეთოდზე – მკვლელობაზე მიდიხარ.

1994-95 წლებში ასე დაგვიმორჩილეს – პოლიტიკური ტერორით და მკვლელობებით. მაგრამ მაშინ მსხვერპლთა წრე უშუალოდ პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო მოხელეებს არ გასცდენია. 26 ივლისს ეს წრეც გაირღვა: ესროლეს საზოგადოების წევრს, ჟურნალისტს, საზოგადოების ერთ-ერთ ლიდერს. ეს აღარ არის პოლიტიკური ანგარშსწორება, ეს მთელ საზოგადოებაზე შეტევაა.

პრესის თავისუფლების შეზღუდვის მოწოდებების ფონზე ესროლეს ჟურნალისტს. ახალი, არაკომუნისტური წარსულის მქონე თაობის გააქტიურების ფონზე ესროლეს 26 წლის ადამიანს. საყოველთაო სიყალბისა და სიცრუის ფონზე ესროლეს ადამიანს, რომლის მოღვაწეობის ძირითადი მიზანი იყო, საზოგადოებას სცოდნოდა სიმართლე.

დღეს გვინდა ვიცოდეთ სიმართლე – ვინ გვესროლა 9 აპრილს, ვინ გვესროლა 3 დეკემბერს, ვინ გვესროლა 26 ივლისს, ვინ გვესვრის ხვალ, როცა გვესვრის.

არადა ხვალ კიდევ გვესვრიან. 26 ივლისს მართლა მოკლეს გია ჭანტურია, ხოლო ხვალ, როცა კიდევ ერთხელ გვესვრიან, მართლა მოკლავენ გიორგი სანაიას, მართლა მოგვკლავენ ჩვენ.”-აღნიშნულია ზურაბ ჭიაბერაშვილის სტატიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g