LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიწყებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით“ – 24 თებერვალს აქცია დაანონსდა

213
აკია ბარბაქაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა, აქტივისტებმა და საზოგადოების წევრებმა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისინი თბილისის პირველი გიმნაზიის წინ შეიკრიბნენ და მოსახლეობას, 24 თებერვალს,  უკრაინის სოლიდარობის აქციაზე რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდეს. 

„ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით, საქართველოში მოხდება კოლაბორაციონიზმისგან გათავისუფლება, მიტაცებული ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს, ჩვენ ვდგავართ ერთად, ვიბრძოლებთ ერთად, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ დავიწყებთ 24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის აქციით, რუს ფაშისტებთან მებრძოლი უკრაინელი ხალხის სოლიდარობის აქციით.

ჩვენი აქციები იქნება ქართველი ხალხის ერთიანობის დემონსტრირებით, აქციები იქნება მზარდი, კოლაბორაციონისტებს ვაიძულებთ უკან დახევას, ვაიძულებთ უარი თქვან და შეწყვიტონ რუსული ინტერესების გატარება საქართველოს ხელისუფლების სახელით, ვიქნებით ხალთან ხალხის ინტერესების დასაცავად საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“, – განაცხადა აქციაზე ექსპერტმა სამხედრო საკითხებში, აკია ბარბაქაძემ.

ამასთან, განცხადება გააკეთა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც, რომელმაც თქვა, რომ უნდა შეიკრიბონ იმისთვის, რათა ყველამ გაიგოს, რომ მათი ურყევი ნება, ძლიერი და ერთიანი საქართველოს მშენებლობის ევროპასთან და ევროატლანტიკურ ალიანსთან არასდროს გადაიხედება.

„დღეს ყველანი ერთად ვდგავარ და გვაერთიანებს ერთი რამ, ძლიერი საქართველოს იდეა ევროპულ და დასავლურ ცივილიზაციასთან ერთად. გვაერთიანებს ის, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია ბოლო ათწლეულების მანძილზე. ამ არჩევანს დღეს უნდა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დასვას, გადახედოს ძალამ, რომელიც სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია.

ისინი გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოდან, ღალატობენ ქართველი ხალხის ნებას, გვეუბნებიან, თურმე რუსეთი უკეთესი ყოფილა, ვიდრე ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ძლიერი საქართველოს მშენებლობა. ამას ვერ შევეგუებით. მათ რაც არ უნდა დეზინფორმაციული კამპანია აწარმოონ, ეს ჩვენზე არ იმუშავებს და ვერ იმუშავებს.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ, რომ 24 თებერვალს შევიკრიბოთ მთელი საქართველო რუსთაველზე. შევიკრიბოთ, რათა ერთმანეთს გავაგონოთ, რომ არანაირი დეზინფორმაცია ჩვენზე არ მუშაობს და ჩვენი ურყევი ნება, ძლიერი, ერთიანი საქართველოს მშენებლობის ევროპასთან და ევროატლანტიკურ ალიანსთან არასდროს გადაიხედება.“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

magti 5g