LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვრცელდება ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებები, რომლებიც დღეს კონტრაქციას აორგანიზებენ, მოვუწოდებ შს მინისტრს, უმძიმესი რისკები აღკვეთოს: ნაცვლიშვილი

48
ანა ნაცვლიშვილი

“ვრცელდება ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებები, რომლებიც დღეს კონტრაქციას აორგანიზებენ – მოვუწოდებ შს მინისტრს, აღკვეთოს უმძიმესი რისკები.” – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნაცვლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გუშინ მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს არ უნდა იძიებდეს შს სამინისტრო, რომელიც თანამონაწილეა მომხდარ დანაშაულებში, ამას უნდა იძიებდეს პროკურატურა და ამ დროისთვის უკვე გამოკითხული უნდა იყოს შს მინისტრი იმასთან დაკავშირებით, რა ბრძანებები გასცა მან:

“დღეს მოქალაქეები აანონსებენ მშვიდობიან აქციას პარლამენტთან, 20:00 საათზე, იმ უმსგავსობის და დანაშაულის გასაპროტესტებლად მშვიდობიანად, მდუმარედ, რაც გუშინ ვიხილეთ თბილისის ქუჩებში. ამის პარალელურად, სოციალურ ქსელში უკვე ვრცელდება ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებები, რომლებიც პარალელურად აორგანიზებენ კონტრაქციას. მოვუწოდებ შს მინისტრს, ეს ძალადობრივი მოწოდებები, რომლებიც ღიად, დღისით, მზისით ვრცელდება სოციალურ ქსელში და ხდება ორგანიზებული ძალადობისთვის კიდევ ერთხელ მომზადება, იქნას სასწრაფოდ აღკვეთილი.

ასევე, მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას, ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, არ არის შს სამინისტროს გამოსაძიებელი, დღეს ვითომ ყალბი განცხადებები კეთდება ძალადობის მიუღებლობის შესახებ “ოცნების” ლიდერების მხრიდან, მეორე მხრივ კი სამართალდამცავი ორგანოები ფარცხავენ უკვე მომხდარ დანაშაულებს.

ამას არ უნდა იძიებდეს შს სამინისტრო, რომელიც თანამონაწილეა მომხდარ დანაშაულებში, ამას უნდა იძიებდეს პროკურატურა და ამ დროისთვის უკვე გამოკითხული უნდა იყოს შს მინისტრი იმასთან დაკავშირებით, რა ბრძანებები გასცა მან, რომ თბილისის ქუჩებში თარეში აღეკვეთა და რას აკეთებდა საათების განმავლობაში, როცა ჟურნალისტებზე მიმდინარეობდა დევნის ოპერაცია, ეს ყველაფერი არ ხდება. მხოლოდ ადმინისტრაციული წესით შეუფარდეს და ჯარიმით გამოუშვეს ერთ-ერთი მოძალადე, რომლის ძალადობის კადრები ნახა მთელმა საქართველომ. სასწრაფოდ, მოვუწოდებ შს მინისტრს, რომ აღკვეთოს დღევანდელი უმძიმესი რისკები, რომელიც უკვე ფიქსირდება და მოვუწოდებ პროკურატურას, ნუ სძინავს, წამოიღოს და აწარმოოს გამოძიება სწორი კვალიფიკაციით. არც ერთი დარღვევა, რაც გუშინ ვნახეთ, არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ეს არის უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულები.” – თქვა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს 20:00 სათზე პარლამენტთან მდუმარე აქცია იმართება. მდუმარე აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან, ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველების ჯგუფები.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ დაანონსებულ მდუმარე აქციას თბილისი პრაიდიც უერთდება.

განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროც და მოქალაქეებს მოუწოდებს: არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

“ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.” – აღნიშნულია მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები