“ვყიდი მთელ ჩემს პირად ქონებას. სახლი აღარ მექნება”,- ამის შესახებ „ტესლას“ გენერალურმა დირექტორმა, SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
მის მფლობელობაში არსებული 7 სახლი საერთო ჯამში 100 მილიონ დოლარადაა შეფასებული. კითხვაზე, თუ რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება, მასკი პასუხობს: „არ მჭირდება ფული. ჩემს თავს დედამიწას და მარსს ვუძღვნი. რაღაცების ფლობა უბრალოდ ქვემოთ გქაჩავს“.
როგორც ცნობილია, ილონ მასკი და მისი კოსმოსური კომპანია SpaceX წითელი პლანეტის კოლონიზებას გეგმავენ.
გარდა ამისა, მასკი მუშაობს Starlink-ის პროექტზე, რომელსაც მისი კომპანია, „სფეის იქსი“ ახორციელებს. პროგრამა Starlink-ის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე ეტაპობრივად გაეშვება 40 000 ხელოვნური თანამგზავრი, რომლებიც ინტერნეტით მთელ პლანეტას დაფარავენ და ამ მხრივ გაცილებით გადააჭარბებენ თანამგზავრული ინტერნეტის ამჟამად მოქმედ ნებისმიერ პროვაიდერს.
