LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმატების მომტანი რიტუალები, წლის აქტუალური ტენდენციები და ფერები – როგორ უნდა შევხვდეთ ხის დრაკონის სტიქიის წელს

1113
მიხეილ ცაგარელი

2024 აღმოსავლური კალენდრით ხის დრაკონის სტიქიის წელიწადია. როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, რა ტენდენციები და ფერებია აქტუალური დამდეგი წლისთვის და რა რიტუალები უნდა შევასრულოთ მომავალი წლის უკეთესი ენერგიისთვის – ამ საკითხებზე „ფორტუნასთან“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა.

როგორც ცაგარელმა გვითხრა, აღმოსავლური კალენდრით 2024 წელი 10 თებერვალს დგება, თუმცა, როგორც მანვე აღნიშნა, 31 დეკემბერს, წლის სტიქიის – დრაკონის პატივსაცემად მზად უნდა ვიყოთ, რადგან აღმოსავლეთში მიიჩნევა, რომ წლის მასპინძელს როგორც შეხვდებით, თითოეული ჩვენგანისთვის მასაც ასეთივე დამოკიდებულება ექნება.

 

ხის დრაკონის წელიწადი – წლის ტენდენციები და მოსალოდნელი ცვლილებები

 

„აქ ენერგიების ძალიან დიდი ცვალებადობაა და შესაბამისად, ამ საკითხს დიდ ყურადღებას აქცევენ.

ამიტომ, კარგი იქნება თუ გარკვეული რიტუალების მეშვეობით, ცოტა წინსწრებით, მაგრამ დრაკონს პატივს მივაგებთ და მის კეთილგანწყობას დაიმსახურებთ“, – უთხრა „ფორტუნას“ ასტროლოგმა.

  •  რიტუალები, რომელიც უნდა შევასრულოთ

„პირველ რიგში, რადგან აღვნიშნეთ, რომ 10 თებერვლამდე კატა-კურდღლის წელიწადი გრძელდება, მათი ზეგავლენაც ამ თარიღამდე გასტანს. ამიტომ, იმისთვის, რომ არც კატა-კურდღელს ვაწყენინოთ და არც დრაკონს, 31 დეკემბერს, მაგიდაზე სამი ფიგურა უნდა გვქონდეს, ესენია: დრაკონი, კატა და კურდღელი.

მაგალითად, დრაკონს წინ დაუდეთ პატარა ხორცის ნაჭერი, პატარა ნაჭერი თევზი კატას და ბოსტნეული კურდღელს. ეს იქნება ჩვენი, მათდამი განსაკუთრებული პატივის მიგება და შესაბამისად, მათი კეთილგანწყობის მოპოვების შესაძლებლობა“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი და საუბრობს დამატებით დეტალებზე, რომელიც ახალი წლის დადგომასთან ერთად, სასურველია რომ გავითვალისწინოთ:

„აღვნიშნეთ, რომ ხის სტიქიის დრაკონია და ეს ძალიან კარგია, რადგან ცეცხლის სტიქიის რომ ყოფილიყო ძალიან ბევრი რევოლუციები იქნებოდა, ამ შემთხვევაში, ხე ცოტას არბილებს.

დრაკონის წელიწადი დიდ ცვლილებებს მოგვიტანს, ვერ ვიტყვი, რომ მშვიდი წელიწადი იქნება, რადგან დრაკონი და სიმშვიდე ერთმანეთისგან დაშორებული მცნებებია.

ხასიათით ძალიან ჰგავს ქართველებს, რადგან აქტიური, ენერგიული, კეთილშობილი, ოპტიმისტი, გონებამახვილი და ძალიან მოძრავი, დინამიკურია, მას მშვიდი ცხოვრება არ უყვარს, ამიტომ სიმშვიდე არ გექნებათ.

ცვლილებები, როგორც კარგი, ისე ზოგიერთ შემთხვევაში, ცუდიც იქნება. მაგალითად, წლის პირველ ნახევარში შეიძლება იყოს მიწისძვრები, თუმცა საქართველოს მოსახლეობას გავაფრთხილებ, რომ ეს ჩვენ არ გვეხება.

საქართველო მომავალ წელს, მოდი ასე ვთქვა, სიმშვიდის კუნძული იქნება, ამიტომ ყველა სახის კატაკლიზმები, ომები, ჩვენს ირგვლივ იქნება, მაგრამ არა საქართველოში. ამის შესახებ წინ და წინ მინდა გაგაფრთხილოთ და დაგამშვიდოთ. თუმცა, წლის მეორე ნახევარში მსოფლიო მასშტაბით, შესაძლოა წყალდიდობებმა, ქარის სტიქიამ იჩინოს თავი.

არ არის გამორიცხული, ჯანმომ [ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია] მაგალითად, პანდემია გამოგვიცხადოს, მაგრამ საზოგადოება ამისთვის უკვე სხვანაირად მზადაა. შესაბამისად, არ მგონია, ეს ისეთი მტკივნეული იყოს, როგორც 2020 წელი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელიც, როგორც 2024 ნაკიანი წელიწადი იყო.

ამასთან, აქტიური მზის წელიწადია, ანუ ყურადღებას საჭიროებენ ისინი, ვისაც გულსისხლძარღვოვანი და ნერვული პრობლემები აქვთ. მით უმეტეს, წლის პირველ ნახევარში სამედიცინო შეცდომების ალბათობა მაღალია, ამიტომ თუ რაიმე დიაგნოზი დაისვა, აუცილებლად გადაამოწმეთ.

წლის მეორე ნახევარში, ყველა ნიშანს ცოტა მეტი ყურადღება სჭირდებათ სასიყვარულო და ბიზნეს პარტნიორული ურთიერთობების მიმართ, სადაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს სხვადასხვა სახის ტყუილს, ღალტსა და საქმის გარჩევას. ეს გახლავთ 2024 წლის უარყოფითი ტენდენციები, რომელთა ალბათობა მაღალია, თუმცა არა აუცილებლობა.

პოზიტიურში და კარგში შეიძლება განვიხილოთ ის, რომ საკმაოდ კარგი პერიოდია განვითარებისთვის. ანუ, ხის სტიქია, ეს გახლავთ ზრდა, გნებავთ სულიერი, გნებავთ შემოქმედებითი. ასევე ოჯახის, ფინანსური კუთხით ზრდა და ა.შ. ამიტომ ზრდის პროცესები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – გვითხრა ასტროლოგმა.

 

წლის აქტუალური ფერები

 

„ხის სტიქიის ძირითადი ფერი მწვანე გახლავთ. მწვანეს ყველა კომბინაცია, ღიადან მუქ ტონამდე, ანუ ამ ფერების მთელი გრადაცია. თუმცა, რადგან ბუნებაშიც ვხედავთ, რომ ხის სტიქია მეგობრობს მიწასთან, ასევე წყალთან, ეს სტიქიები, როგორც მონათესავენი ასევე თავიანთ ფერებს გვაძლევენ, რომელიც ფრიად აქტუალური იქნება.

მიწის სტიქიის ფერები: ყავისფერი, მისი ნებისმიერი გრადაცია – კრემისფერი, ბეჟი, ყვითელი, ოქროსფერი წინა პლანზეა და ასევე, ლურჯიდან ცისფრის ჩათვლით, ეს უკვე წყლის ფერებია – ერთ-ერთია შავი და კიდევ ერთი ფერი, რომელიც იშვითადაა წლის ფერი, გახლავთ იისფერი.

რაც შეეხება სხვა ფერებს, რომელიც მაყურებელს ძალიან აინტერესებს ხოლმე, ეს არის სარეკლამო, წითელი ფერი, ასევე ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი, ისინი მხოლოდ აქსესუარების სახით რჩება, რადგან ცეცხლის სტიქია მიწასთან არ მეგობრობს.

ამიტომ, დრაკონი რომ არ გავაბრაზოთ, ეს ფერები მხოლოდ აქსესუარების სახით გამოვიყენოთ, როგორც ნაძვის ხეზე, ისე ტანსაცმელში. კარგი იქნება თუ სუფრაც აქტუალური ფერებით იქნება გაწყობილი“, – აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

 

როგორ უნდა გავაწყოთ სუფრა და რა რიტუალების შესრულებაა სასურველი

 

„რაც შეეხება საკვებს, ბევრს აინტერესებს დრაკონის საკვები – პირველ რიგში, დრაკონს ხორცი უყვარს, მაგრამ არც ტკბილეულზე და ეგზოტიკურ საკვებზე არ იტყვის უარს. იგივე შემიძლია გითხრათ სასმელზეც, სხვა წლებისგან განსხვავებით, ამ კუთხით არავითარი შეზღუდვა არ გვაქვს.

ამიტომ, სუფრა, თქვენი გემოვნების შეხედულებისამებრ, შესაბამისად უნდა იყოს წარმოდგენილი.

უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული რიტუალები იქნება მნიშვნელოვანი, მაგალითად, რიტუალი, რომელიც სანთელს უკავშირდება. სანთელი უნდა გვქონდეს ორი ცალი და რატომ? რადგან ძირითადი რიცხვი არის 8, ხოლო 8-ის შემადგენელი ერთეული არის 2, ამიტომ 8-ზე რომ არ გავიჭრათ, ორი სანთელი სრულიად საკმარისია.

რა უნდა გავაკეთოთ: 2 სანთელი ახალი წლის დადგომამდე 15-20 წუთით ადრე უნდა დავანთოთ, ერთს წინა წლისთვის მადლობა გადაუხადეთ, არ აქვს მნიშვნელობა კარგი იყო თუ ცუდი, თუ ცუდი იყო მან თავისი კარმული ვალები წაიღო და აწი ურთიერთობას გააუმჯობესებს.

მეორეს კი ჩავუთქვათ, რა გვინდა მომავალ წელს. ეს იმისთვის, რომ თქვენი მენტალური ენერგია სურვილებისა, ჩანაფიქრების და ა.შ, ანთებულ სანთელთან ერთად მომავალ წელს გადავიდეს, რადგან ცეცხლის ენერგია ძალიან დიდ აკუმულირებას ახდენს და შესაბამისად, ენერგიები და სურვილები შესანიშნავად გადააქვს.

კიდევ ერთი რიტუალი, რომელიც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს გახლავთ 2-ლარიანთან დაკავშირებული რიტუალი, ან სულაც 2 ერთლარიანი შეგიძლიათ გამოიყენოთ და რას ვაკეთებთ? სუფრაზე, სადაც კატა-კურდღელი და დრაკონი გვიდევს, იქ პატარა ხის ნაკეთობას მოათავსებთ. საერთოდ, რაც მეტი ხის ნაკეთობები გექნებათ, მით უკეთესი. ხის ნაკეთობებთან დავდოთ წყალიც, ხოლო ხის ნაკეთობებსა და წყალს შორის 2 ლარიანი.

ამ 2 ლარიანს რომ დადებთ, სურვილი ჩაუთქვით, რა გინდათ, რომ მომდევნო წელს, ფინანსური თვალსაზრისის გაძლიერების კუთხით მოხდეს, რათა ამით ფინანსური ენერგიის აკუმულირება მოხდეს. დატოვეთ დილამდე და დილით საფულეში ჩაიდეთ, ეცადეთ, რომ ეს ფული ნახევარი წელი არ დახარჯოთ, ივნისის შუა რიცხვებამდე. აი, მერე უკვე აუცილებლად უნდა დახარჯოთ, რაც ასევე ხელს შეუწყობს ფინანსური რესურსის გაუმჯობესებას.

რაც შეეხება ნაძვის ხეს, უკეთესია თუ ოთახის აღმოსავლეთით იქნება, ეს ენერგოველი ამ მხრივ ძალიან პოზიტიურია, გვერდით აუცილებელია ჰქონდეს ჩიჩილაკი, როგორც ხის სტიქიის წარმომადგენელი. კარგი იქნება მაგალითად, ლიმონის ტოტები, ასევე მანდარინის, რომელიც აღმოსავლეთში მათ ნაძვის ხედ მიიჩნევა.

ასევე, ბროწეული ან ფორთოხალი, რომელიც თქვენთვის უფრო მისაღები იქნება, რადგან მიიჩნევა, რომ ეს არის ხვავის ბარაქის, სიხარულისა და სიყვარულის სიმბოლოები. ამიტომ, თუნდაც იყოს ხელოვნური, ეს უკვე კარგია.

ეცადეთ, რომ მეკვლე დრაკონივით აქტიური, ენერგიული, კომუნიკაბელური, კეთილშობილი იყოს. ხასიათით ოპტიმისტი, გონებამახვილი და ამასთან ერთად, თუ შემოქმედი იქნება, კიდევ უკეთესი.

რა უნდა შემოიტანოს მეკვლემ? – ორი ცალი ლიმონი, ორი ცალი ფორთოხალი ან ბროწეული, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ასე შემოდის გულუხვი გულით და სასიკეთო სურვილებით, რათა წელიწადი კარგი იყოს.

კარგი იქნება თუ ახალ წელს სახლში შევხვდებით და შემდეგ გავალთ. გავითვალისწინოთ, რომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პიროტექნიკასთან, რადგან ხის სტიქიის წელიწადია და ხეს ცეცხლი არ უყვარს, ამიტომ თუ თქვენთან ხანძარი გაჩნდა ან სხვა მსგავსი პრობლემა, ე.ი წელიწადი ძალიან პრობლემური იქნება.

ეს რიტუალები საჭიროა იმისთვის, რომ ახალ წელიწადს დადებითად შევხვდეთ, რაც ხელს შეუწყობს წინსვლასა და წარმატებას, როგორც პირადი, ისე ჯანმრთელობისა და კარიერული ურთიერთობების კუთხით.

?✨ რიტუალები, რომლებიც 2024 წელს წარმატებას მოგიტანთ

?✨ რიტუალები, რომელიც 2024 წელს წარმატებას მოგიტანთ

?? წლის აქტუალური ტენდენციები, ფერები და სიმბოლოები, რითაც დრაკონის კეთილგანწყობას დაიმსახურებთ

#fortunage

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on სამშაბათი, 26 დეკემბერი, 2023

და ბოლოს, ყველას მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, გისურვოთ ბედნიერება, სიხარული, ხვავი, ბარაქა, სიყვარული – ბევრ ახალ წელს დაგვასწროს ღმერთმა“. – უთხრა „ფორტუნას“ მიხეილ ცაგარელმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g