LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წელს ზურას 60 წელი შეუსრულდებოდა, ამიტომ დაჯილდოებაც განსხვავებული იქნება” – ნინო ჟვანია წინანდლის პრემიის წლევანდელ დაჯილდოებაზე „არტ-FM“-ში ისაუბრა

18
ნინო-ჟვანია

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“-ს ქალბატონი ნინო ჟვანია სტუმრობდა, რომელმაც წინანდლის პრემიის წლევანდელ დაჯილდოებაზე ისაუბრა.

პრემია 1998 წელს დაფუძნდა ზურას ინიციატივით, რომელსაც ძალიან უნდოდა მსგავსი პროექტის განხორციელება. პრემია რამდენიმე ნომინაციას, მათ შორის, კინოს, თეატრს, მუსიკას, ვიზუალურ ხელოვნებას, ლიტერატურას და მეცნიერებას აერთიანებს. ზურა ყოველთვის ინტერესდებოდა ახალგაზრდების აზრით, მათი სურვილებით და გატაცებებით, ხელოვნება კი, ზუსტად ის სფეროა, რომელშიც ადამიანს სრულად შეუძლია საკუთარი სამყაროს გადმოცემა. ვფიქრობ, სწორედ ახალგაზრდების წყალობით პროგრესირებს საზოგადოება, ამიტომ მეტი ყურადღება და ინტერესი უნდა გამოვიჩინოთ მათ მიმართ.  ყოველთვის მსიამოვნებს ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა, მით უფრო, რომ ძალიან ბევრი ნამუშევარი მონაწილეობს კონკურსში.

მართალია, ძალიან გვინდა გაფართოება და ახალი ნომინაციების – ფოტოგრაფიისა და არქიტექტურის დამატება, მაგრამ ფინანსურად ვართ შეზღუდული. 1998 წელს პრემია 3 ათას ლარს შეადგენდა, დღეს კი, 4 ათასია. ამასთანავე, უამრავი აქტივობის მოფიქრება შეიძლება, რაც მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს, ამიტომ მათ მინდა მივმართო, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია. ნომინანტთა ასაკი 18-30 წელს შეადგენს, რადგან სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება ადამიანი, ჩვენი პრემია კი, ერთგვარი სტიმულია თვითრწმენის გაძლიერებისა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ შეფასებისთვის.

თეატრის ნომინაციაში მსახიობები და რეჟისორები მონაწილეობენ, თუმცა მეტწილად რეჟისორები იმარჯვებენ, მსახიობები კი, იჩაგრებიან. ანალოგიური სიტუაციაა მუსიკის ნომინაციაშიც, რადგან კლასიკური მუსიკის წარმომადგენლები მუდმივად ჯაბნიან ჯაზის, ელექტრონული და თანამედროვე მუსიკის შემსრულებლებს, რაც არანაკლებ საინტერესოა, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ის კონკურსანტებიც ჩავრთოთ დაჯილდოების ღონისძიებაში, ვინც ვერ შეძლო პრემიის მიღება.

წელს განაცხადების მიღება 4 ნოემბერს დასრულდება. ნომინანტების ნამუშევრებს სპეციალური კომისია შეაფასებს, რომლის წევრებს შორის მეტწილად აკადემიური გამოცდილების ადამიანები არიან, თუმცა ბოლო დროს პრემიის ლაურეატებიც ხშირად აფასებენ ახალგაზრდების ნამუშევრებს. კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება, ჯერ 3-კაციანი კომისია განიხილავს ყველა ნამუშევარს და 3 საუკეთესოს შეარჩევს, მერე კი, ცნობილი და სახელოვანი ადამიანები, მათ შორის რობერტ სტურუა, ლანა ღოღობერიძე, ლიზა ბათიაშვილი და სხვები დაჯილდოების დღეს არჩევენ საუკეთესოს საუკეთესოთა შორის.

წელს ზურას 60 წელი შეუსრულდებოდა, ამიტომ დაჯილდოებაც განსხვავებული იქნება. ღონისძიება „ახალ თეატრში“ მოეწყობა დათო დოიაშვილთან ერთად, რომელიც ჩვენი პრემიის ლაურეატია. მიხარია, რომ მუდმივი ურთიერთობა გვაქვს პრემიის ლაურეატებთან. მალე „ახალ თეატრში“ სპექტაკლის პრემიერა შედგება, რომლის ავტორები ივა ფეზუაშვილი და მიხეილ ჩიკვილაძე, მთავარი როლის შემსრულებელთან გივიკო ბარათაშვილთან ერთად წინანდლის პრემიის ლაურეატები არიან. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პრემიის გამარჯვებულები ყოველთვის ახერხებენ საკუთარი ადგილის პოვნას და თვითდამკვიდრებას.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2015 წელს პრემია გიორგი მარგველაშვილმა აღადგინა და პრეზიდენტის ფონდიდან დააფინანსა, დღეს ყველა ნომინაციას თავისი სპონსორი ჰყავს. წლევანდელ, საიუბილეო წელს დაჯილდოების ღონისძიების დადგმაზე ჩვენი პრემიის ოთხი ლაურეატი დათო დოიაშვილი, დათო თავაძე, მიხეილ ჩარკვიანი და გაგა გაგნიძე იზრუნებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები