„ანდრო არის მხნედ, რაც მთავარია, ჯანმრთელად, მასზე არანაირი ძალადობა არ განხორციელებულა. ადვოკატს საქმის მასალები ჯერჯერობით არ გადასცემია“, – ამის შესახებ დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ, რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ანდრო ჭიჭინაძის დედამ გადაცემაში „დღის თემა“ თქვა, რომ ხელოვნების ყველა ტოტალიტარულ სახელმწიფოს ეშინია.
„ცნობადი სახეები, აქტიურები, უშიშრები, ბავშვები, რომლებიც ხელოვნებას ემსახურებიან, თავიანთ ტკივილს გადმოსცემენ ხელოვნებაში, თეატრსა თუ კინოში, ეს ყველა დროს იყო ძალიან აქტუალური და ყველა ტოტალიტარულ სახელმწიფოს ეშინია ხელოვნების, ხელოვნებაში ყოველთვის არის ხოლმე სიმართლის ხმა. ეს ბავშვები, რომლებიც მართლა ძალიან ბევრს შრომობენ, დებენ თავიანთ საქმეში და არიან ლაღები, ლამაზები, აქტიურები, უსამართლობას ვერ ეგუებიან და რა თქმა უნდა, ევროპული მომავალი უნდათ,“ – განაცხადა ლიკა გუნცაძემ.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც ის მზად არის ნებისმიერ ფორმატში გამართოს დისკუსია 12 ახალგაზრდასთან და მათთან გახსნილად ისაუბროს ყველა თემასთან დაკავშირებით. კითხვაზე უნდა შედგეს თუ არა მსგავსი შეხვედრა, ლიკა გუნცაძემ ასე უპასუხა: „პრემიერზე საერთოდ გამიჭირდება რამის ლაპარაკი, მე ვფიქრობ, ჩემი აზრით, არა“.