11 დეკემბერს, ნათია დუმბაძემ ახალი სიმღერა – „ჩემი გულით“ გამოუშვა. სიმღერის პრემიერა თანმხლებ კლიპთან ერთად შედგა, რომლის რეჟისორი, ალექსანდრე ფურცხვანიძეა.
ოთხშაბათს, ნათიამ სიმღერის რადიო პრეზენტაცია ექსკლუზიურად „ფორტუნა პლუსის“ ეთერში, გადაცემაში – „უსმინე ახალს“ გამართა.

რა ხდება შენ შემოქმედებაში ახალი?
ამ ახალ სიმღერაზე ვმუშაობდი დიდი ხნის განმავლობაში. აგვისტოში დაიწყო ეს ყველაფერი… თიკა ფაცაციას კლიპის პრეზენტაციაზე ვიყავი, სადაც შევხვდი დიდი ხნის უნახავ მეგობარს, კოლეგას, მუსიკოსს, ლაზარე ადამიას, რომელმაც დანახვისთანავე მითხრა, რომ ჩემთვის სიმღერა ჰქონდა. დაუფიქრებლად დავთანხმდი, რადგან ორ წლიანი პაუზა მქონდა და ძალიან მჭირდებოდა სიახლე. მალევე დავაორგანიზეთ შეხვედრა და პირველი მოსმენისთანავე მივხვდი, რომ ძალიან მომიხდებოდა. თავიდან სხვანაირი იყო, თუმცა ერთობლივი მუშაობით და შეთანხმებით, ასევე ტექსტის დამატებით, რომელიც თემო საჯაიამ დაწერა, ყველაფერი ფანტასტიკურად დალაგდა. შემდეგ ისე აღვფრთოვანდით სიმღერით, გადავწყვიტეთ ვიზუალური მხარეც ჰქონოდა. ალექსანდრე ფურცხვანიძემ გადაიღო კლიპი, რომლის სიუჟეტის მიხედვით შეყვარებული ადამიანი, (რომელსაც მე განვასახიერებ) მღერის დასრულებულ ურთიერთობაზე და კადრებად იხსენებს მოგონებებს მის სიყვარულთან ერთად.

სევდიანი კონტექსტის მიუხედავად, სიმღერას დაჰკრავს პოზიტიური ენერგია…
სხვანაირად მე არ გამომივიდოდა.
სიმღერის არანჟირება, ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნის.

თითქოს შენ ნაწილს გადმოსცემს ეს ნამუშევარი…
სავარაუდოდ გადმოსცემს. რასაც შიგნიდან გულწრფელად აკეთებ, უფრო კარგად გამოდის. ყველას რაღაცით შეეხო, მელოდიური და სასიამოვნო მოსასმენია.

ორ წლიანი პაუზის მიუხედავად, აბსოლუტურად შემოქმედებითი საქმიანობის მიღმა იყავი?..
იყო რაღაცები, თუმცა არა ისეთი როგორიც 2019-დან 2023 წლამდე მქონდა.

როგორია წინასაახალწლო სამზადისი?
საგიჟეთია. (იცინის) ჩემ ლაივ ბენდთან და ინდივიდუალურადაც მაქვს დაგეგმილი კონცერტები ქვეყნის მასშტაბით. მომავალ წელს კი ვაპირებ ჩავწერო და ვიმუშავო საავტორო სიმღერებზე, გამოვუშვა ალბომი და დიდი სოლო კონცერტი ჩავატარო. გაზაფხულისთვის ვგეგმავ ამ ყოველივეს.