“ყველას შეიძლება არ ესმოდეს, რომ გარემოს დაცვა არის გადამწყვეტი მნიშვნელობის საქართველოსთვის,” – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივი კონფერენციაზე „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ განაცხადა.
„ასოცირების შეთანხმება 1 წელზე მეტია, რაც ძალაში შევიდა. ეს არის ძალიან კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც სერიოზულ ტრანსფორმირებას გულისხმობს ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით. რა შთაბეჭდილებები გვაქვს ამ პროცესთან დაკავშირებით? ჩვენ გარედან ვაკვირდებით ამ პროცესს იმიტომ, რომ ეს თქვენ მიერ განსახორციელებელი საქმიანობაა. ამ პროცესის წარმატება მეტწილად დამოკიდებულია თქვენზე. ამ პროცესმა შესანიშნავი შედეგები გამოიღო, მაგრამ არის საკითხები, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. თქვენ ახლა შედიხართ რეფორმების ისეთ ეტაპზე, როდესაც კონკრეტული გადაწყვეტილებები უფრო და უფრო რთული ხდება. რატომ? იმიტომ რომ ზოგჯერ ამ ნაბიჯების განხორციელება მოითხოვს გარკვეული მსხვერპლის გაღებას. ზოგჯერ ძალიან რთულია ამ რეფორმების პროცესის განხორციელება იმიტომ, რომ ეს მოითხოვს მენტალობის შეცვლას და ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ძალისხმევას ლიდერების მხრიდან. ავიღოთ თუნდაც გარემოს დაცვა. ყველას შეიძლება არ ესმოდეს, რომ გარემოს დაცვა არის გადამწყვეტი მნიშვნელობის დღევანდელი საქართველოსთვის. კი, გადამწყვეტია, ვგულისხმობ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობიდან გამომდინარე. პოლიტიკური მოთამაშეები, სამოქალაქო საზოგადოება თუ ერთობლივი ძალისხმევით შევცლით აზროვნებას და გადავალთ სხვა მიდგომებზე, რომ უფრო მეტად დავიცვათ გარემო, რომ ენერგოეფექტურობა იყოს უზრუნველყოფილი, სამშენებლო კოდექსის და წესების თვალსაზრისით ვიმუშავებთ უკეთესად, უკვე ბევრს მივაღწევთ. გულწრფელად რომ ვთქვათ, სწორედ ეს არის ევროპასთან დაახლოება“, – განაცხადა ჰერმანმა.