ყველაზე გრძელი, მოკლე და ემოციური სიტყვა, შიშველი მამაკაცი სცენაზე, ლეგენდარული კოცნა და დიდი ხნის ნანატრი „ოსკარი“ – თითქმის ასწლიანი არსებობის მანძილზე ამერიკული კინოაკადემიის ისტორია უამრავი დასამახსოვრებელი, ზოგჯერ კურიოზული მომენტით გამდიდრდა.
1937 – უოლტ დისნეის რვა „ოსკარი“
მართალია, სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი პირველად 2002 წელს დაჯილდოვდა „ოსკარით“, მაგრამ უოლტ დისნეიმ ჯერ კიდევ 1937 წელს მიიღო პრემია პირველი სრულმეტრაჟიანი ხმოვანი მულტფილმისთვის „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“. რთული და იმ პერიოდისთვის მეტად ძვირადღირებული საწარმოო პროცესი არა მხოლოდ ფინანსურად ანაზღაურდა, არამედ კინოინდუსტრიის აღიარებაც დაიმსახურა, თავად ავტორმა კი, ერთი ჩვეულებრივი და შვიდი პატარა „ოსკარი“ დაიმსახურა.
1940 – ჰეტი მეკდენიელი
„ოსკარის“ პირველი შავკანიანი ლაურეატი – მართალია, 1940-იან წლებში ფართოდ ვრცელდებოდა სეგრეგაციის პრაქტიკა, მაგრამ მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა 1939 წელს გამოსული დრამის „ქარწაღებულნის“ უყურადღებოდ დატოვება. 13 ნომინაციაზე წარდგენილმა ფილმმა 8 „ოსკარი“ მოიპოვა, ერთ-ერთი მათ შორის კი, მამუშკას როლის შემსრულებელი ჰეტი მეკდენიელი გახდა, რომელმაც პრემია მეორე პლანის ქალის საუკეთესო როლის ნომინაციაში მიიღო. შავკანიანი მსახიობის მთავარ კინოპრემიაზე ნომინირება და გამარჯვება ნამდვილ სენსაციად იქცა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის რასისტულ ამერიკაში.
1968 – ალფრედ ჰიჩკოკის ყველაზე მოკლე სამადლობელი სიტყვა
მართალია, სასპენსის ოსტატი ხუთჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“ მაგრამ მხოლოდ ერთხელ, 1968 წელს მიიღო და ისიც არაოფიციალურ კატეგორიაში. ჰიჩკოკი ირვინგ ტალბერგის მემორიალური ჯილდოთი დაჯილდოვდა კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის. აშკარად უკმაყოფილო რეჟისორმა უარი თქვა სიტყვით გამოსვლაზე და მხოლოდ „მადლობით“ შემოიფარგლა.
1969 – ბარბარა სტრეიზანდის და კეტრინ ჰეპბერნის საზიარო „ოსკარი“
„ოსკარის“ ისტორიას ექვსი შემთხვევა ახსოვს, როცა ნომინაციაზე წარდგენილებმა „ფრედ“ დაასრულეს პაექრობა და პრემია გაინაწილეს. ყველაზე ცნობილი ისტორია 1969 წელს მოხდა, როცა ქალის საუკეთესო როლის კატეგორიაში პრემიით აღინიშნა ბარბარა სტრეიზანდის ნამუშევარი კომედიაში „მხიარული გოგონა“ და კეტრინ ჰეპბერნის როლი დრამაში „ლომი ზამთარში“. ჰეპბერნმა უარი თქვა ცერემონიაზე დასწრებაზე, სტრეიზანდმა კი, „ოსკარი“ ჩაიბარა და სიტყვებით: Hello, gorgeous! („სალამი, ლამაზო!“) ჰეპბერნს მოკითხვა გაუგზავნა.
1973 – მარლონ ბრანდოს უარი
მარლონ ბრანდო პირველი მსახიობი გახდა, ვინც „ოსკარის“ ცერემონია ერთგვარ აქტივისტურ პლატფორმად გამოიყენა. ბრანდომ, რომელიც კოპოლას განგსტერულ საგაში „ნათლიმამა“ შესრულებული ვიტო კორლეონეს როლისთვის დაჯილდოვდა „ოსკარით“, უარი თქვა ცერემონიაზე დასწრებაზე, პრემიის მისაღებად კი, ინდიელთა აქტივისტი საჩინ ლითელფეზერი გაუშვა. აპაჩის ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა ლითლფეზერმა პრემია ჩაიბარა და პუბლიკას მიმართა: „ბრანდო უარი თქვა გულუხვი საჩუქრის მიღებაზე, რადგან ძალიან არ მოსწონს ამერიკული კინოინდუსტრიის დამოკიდებულება ამერიკელი ინდიელების მიმართ“. მოგვიანებით კომენტარი თავად ბრანდომაც გააკეთა და აღნიშნა: „საერთოდ არ ვნანობ საკუთარ გადაწყვეტილებას. პირიქით, ძალიან ვამაყობ, რომ მკვიდრ ამერიკელებს 85-მილიონიანი პუბლიკის წინაშე გამოსვლის და საკუთარი სათქმელის საშუალება მივეცი“.
1974 – შიშველი მამაკაცი სცენაზე
სანამ ელიზაბეტ ტეილორი „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში გამარჯვებულის დასახელებისთვის ემზადებოდა, სცენაზე შიშველმა მამაკაცმა გაირბინა, რომელიც მხატვარი რობერტ ოპელი აღმოჩნდა. მართალია, მხატვრის გამოხდომა მხოლოდ ექსტრავაგანტული ჟესტი იყო, მაგრამ მოგვიანებით აქტივისტური ქვეტექსტი შეიძინა. უცნაურია, მაგრამ ოპელი არც დააპატიმრეს, არც ცერემონიიდან გააძევეს, მეტიც პრეს-კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლის უფლებაც კი მისცეს.
1974 – პრემიის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი
მამასთან რაიან ო’ნილთან ერთად ფილმში „ქაღალდის მთვარე“ მონაწილეობისთვის, 10 წლის ტატუმ ო’ნილი მეორე პლანის საუკეთესო როლის ნომინაციაში დაჯილდოვდა „ოსკარით“. ფორმალურად პრემიას ბევრად ახალგაზრდა ლაურეატებიც ჰყავდა, თუმცა ძირითად კატეგორიებში დღესაც ო’ნილი ლიდერობს.
1999 – რობერტო ბენინის ემოციური გამოსვლა
ფილმმა „ცხოვრება მშვენიერია“ სამი „ოსკარი“ დაიმსახურა – მამაკაცის საუკეთესო როლის, საუნდთრეკის და უცხოური ფილმის ნომინაციაში, რომელიც სოფი ლორენმა გამოაცხადა. ბედნიერმა ბენინიმ თავი ვეღარ შეიკავა და პრემიის მისაღებად სცენისკენ პირდაპირ სავარძლების საზურგეების გავლით გაიქცა.
2002 – „ოსკარის“ პირველი შავკანიანი ლაურეატი მთავარ ნომინაციაში
პირველი შავკანიანი მსახიობი, ვინც ქალის საუკეთესო როლის ნომინაციაში დაჯილდოვდა „ოსკარით“ ჰოლი ბერი აღმოჩნდა. პრემია მსახიობმა „მონსტრების მეჯლისში“ შესრულებული როლით მიიღო და დღემდე პრესტიჟული კინოპრემიის ერთადერთი შავკანიანი მფლობელია.
2006 – დი კაპრიოს „ოსკარი“
ხუმრობა, თითქოს დი კაპრიო ვერასდროს მიიღებდა „ოსკარს“ მიუხედავად იმისა, რომ სხვებზე მეტად იმსახურებდა, ჰოლივუდში დიდი ხნის მანძილზე სარგებლობდა პოპულარობით. მსახიობი ექვსჯერ იყო ნომინირებული, თუმცა სანატრელი ჯილდოთი მხოლოდ 2016 წელს დაჯილდოვდა ფილმისთვის „გადარჩენილი“. სამადლობელი სიტყვა დი კაპრიომ სოციალური მიზნით გამოიყენა, პუბლიკას კლიმატური ცვლილებების შესახებ შეახსენა და ეკოლოგიური პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტა შესთავაზა.