სასულიერო პირები, საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები „რუსთავი 2-ის” ეთერში, უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს განვლილ ცხოვრებას და მის შესახებ მოგონებებს იხსენებენ.
გადაცემის ერთ-ერთი მონაწილე, მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი, ყურადღებას პატრიარქის ხელოვნებისადმი სიყვარულზე ამახვილებს და იმ დღეს იხსენებს, როდესაც მან რეჟისორი რობერტ სტურუა წმინდა ნინოს ორდენით დააჯილდოვა.
“ძალიან კარგად დამამახსოვრდა ბატონ რობერტ სტურუას დაბადების დღე იყო, 75 წლის გახდა და ის მობრძანდა სპექტაკლზე. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი თეატრის ხერხი იყო, რომ ესიამოვნებინათ ორივე მხარეს. ჩვენმა უწმინდესმა, წმინდა ნინოს ორდენით დააჯილდოვა იმ დღეს. პატარა სცენა იყო, თვითონ ავიდა და ბატონ რობერტს ეს ჯილდო გადასცა, ჯვარი გაუკეთა. მე ასეთი აღელვებული სტურუა არასდროს მინახავს, ხმა უკანკალებდა. მან თქვა, რომ მე ასეთი ჯილდო, ჯერ არ მიმიღიაო, არადა ძალიან ბევრი ჯილდოები აქვს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაშიო.
ჩვენ, იქ მსახიობებს, ვინც იყვნენ, ყველას სითბო ჩაუნერგა, ყველასთან მიმოფანტა თავისი არაჩვეულებრივი დამოკიდებულება, თეატრისადმი, ადამიანებისადმი. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ის, თუ როგორ უყვარდა ხელოვნება და რა პატივს სცემდა მას “, – განაცხადა ნანა ფაჩუაშვილმა.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
