ქეთი წიკლაური რადიო „არ დაიდარდოსთან“, თაკო მელიქიშვილის გადაცემაში, საუბრობს მამის, თემურ წიკლაურის, ოჯახური ტრაგედიისა და მისი და პატრიარქის ურთიერთობის შესახებ.
ქეთი წიკლაური:
ეს უკავშირდება ჩვენი ოჯახის ტრაგედიას, როდესაც გარდაიცვალა ჩემი პატარა ძმა, გიორგი, 1983 წელს. მაშინ, „ივერიას“ საპრემიერო სპექტაკლები ჰქონდა, დადგმული ჰქონდათ ასეთი სპექტაკლი – „არგონავტები“. უსაყვარლესი იყო ყველასთვის, არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც, ამ მიუზიკლის ცნობილი ჰანგები. სამწუხაროდ, დასაწყისშივე მოხდა ეს ტრაგიკული ამბავი. წარმოიდგინეთ, ჩემი მშობლების მდგომარეობა, ურთულესად იყვნენ და მე თქვენი ეთერის მეშვეობით, დღეს, მინდა, გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს, იმიტომ, რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა მან იმაში, რომ ჩემი მშობლები გადარჩნენ და დაუბრუნდნენ თავის მოღვაწეობას, ესტრადას, რადგან ძალიან რთული იყო და მართლა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, როგორ მოახერხებდნენ ამას. თუ თემური, ასე ვთქვათ, ვერ დაუბრუნდებოდა ცხოვრებას, შესაძლო იყო, რომ „ივერიასაც“ ვერ ეარსება. იმის მერე, განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა ილია მეორის მიმართ.
მამას ძალიან დიდი ღვაწლი იყო იმაში, რომ მისმა მეგობარმა მოისურვა რაღაცის გაკეთება ჩვენი ეკლესიისთვის და საპატრიარქოსთვის და ისრაელში შეიძინეს ბინა მომლოცველებისთვის. ეს მამამ, ფაქტობრივად, თვითონ გააკეთა და საჩუქრად გადასცა საპატრიარქოს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხდებოდა.
როგორი ურთიერთობა გქონდათ მამასთან?
ჩემთვის მართლა ბედნიერებაა, რომ ჩემი ოჯახი ასეთია. ყოველთვის, ბავშვობიდანვე მქონდა დიდი სიამაყის გრძნობა. შეიძლება, ასე ინტელექტით ვერ ვხვდებოდი პატარა ბავშვი, თუ რა მოვლენასთან მქონდა საქმე, რამხელა მასშტაბის იყო და იქნებოდა მერე მათი ანსამბლის მოღვაწეობა და კონკრეტულად მამასი, მაგრამ აი, ამ უნიკალურობას და საოცრებას ამ მუსიკის და შემოქმედებითი იმპულსის, ყოველთვის ვგრძნობდი და ეს ყოველთვის მახარებდა. სულ სიხარულით მიხტოდა გული, როცა მათ კონცერტებს ვესწრებოდი ან კულისებში ვიდექი.
