საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებს შორის საუბარი აშშ-ის მხარის ინიციატივით შედგა.
უწყების ცნობით, საუბრისას მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, უკრაინის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და რუსეთის ფედერაციის მცდელობები საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხების მიზნით.
“დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ვენდი შერმანს კოორდინაციისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის მომავალ კვირას აშშ-რუსეთის ორმხრივი დიალოგის, ასევე, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების წინ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საუბრისას აღინიშნა, რომ რუსეთის მცდელობები, შეაფერხოს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაცია, წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებთან და მსგავსი რიტორიკა, რომელიც მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს უფლების შეზღუდვას, აწარმოოს დამოუკიდებელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სრულიად მიუღებელია.
საუბრისას, ასევე, აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაცია და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, თანამედროვე ევროპული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება”, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის.