LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზალკანიანი: რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს – ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ

76
დავით ზალკანიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის განცხადებით, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე, მთლიანად ქართულ საზოგადოებაში არის კონსენსუსი და ჩვენ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ, ნატო-სკენ.

დასმულ კითხვაზე, ელოდება თუ არა რუსეთის მხრიდან შიდა არეულობის პროვოცირებას, მინისტრმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი სცენარისთვის არის საჭირო მზადყოფნა, თუმცა ქართული საზოგადოება საგარეო პოლიტიკურ არჩევანში ერთიანია.

„რუსეთის ფედერაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ბუნებრივია, ნებისმიერი სცენარისა და განვითარებისთვის მზად უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, ამ სცენარებისთვის მზად ვართ და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს, როდესაც საკუთარ თავზე ვიწვნიეთ, მათ შორის, აგრესია და ოკუპაცია.

ამიტომ გამომდინარე იმ მძიმე წარსული გამოცდილებიდან და შედეგებიდან, ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად, ვართ მზად და როგორც არასდროს, ისეა საჭირო, პირველ რიგში, საერთო ეროვნული კონსოლიდაცია“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ზალკანიანმა.

მინისტრის მოსაზრებით, საერთო საგარეო გამოწვევებისა და საფრთხეების ფონზე, ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი.

„აქ მე ვფიქრობ, რომ ჩვენს საზოგადოებაში, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე მთლიანად ქართულ საზოგადოებაში არის კონსენსუსი, რადგანაც ჩვენ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ, ჩვენ მივისწრაფვით ნატო-სკენ.

ეს არის ის წითელი ხაზები, რომელთა გადალახვასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულად განვიხილავთ, თუკი ამის მცდელობა იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვდგავართ იმ წითელ ხაზებზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენს საგარეო პოლიტიკურ არჩევანთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.