უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა საშობაოდ დაიწყოს.
ამის შესახებ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებისადმი მიმართვისას განაცხადა.
„ვთავაზობთ რუსეთს, გადადგას კონკრეტული არსებითი ნაბიჯი დიპლომატიური დარეგულირებისკენ, რომლის შესახებაც მოსკოვში ასე ხშირად საუბრობენ. წინ დღესასწაულებია, რომლებსაც მილიარდობით ადამიანი აღნიშნავს: შობა გრიგორიანული კალენდრით, ახალი წელი, შობა იულიუსის კალენდრით. ეს არის პერიოდი, როდესაც ნორმალური ხალხი ფიქრობს მშვიდობაზე და არა აგრესიაზე. ვთავაზობ რუსეთს, სულ მცირე, სცადოს მაინც იმის დამტკიცება, რომ მას შეუძლია, უარი თქვას აგრესიაზე. სწორი იქნებოდა, სწორედ ამ შობას დაიწყოს რუსეთის ჯარების გაყვანა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან“, – განაცხადა ზელენსკიმ.