ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ვაქცინირების სტატუსი უფრო გააქტიურებს საზღვარგარეთ მოგზაურობას.
„ვაქცინის ხელმისაწვდომობის პრობლემა დღის წესრიგიდან მოხსნილია, ახლა საუბარია რეგიონებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. ჯერჯერობით არ ვფიქრობთ, რომ დავუშვათ შეზღუდვების დაწესება ამ თვალსაზრისით. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. „ფაიზერზე“ ერთი იმდენი ადამიანი დარეგისტრირდა, ვინც აქამდე იყო ვაქცინირებული. კარგი ტენდენციაა და იმედი გვაქვს, დამატებითი ვალდებულებების შემოღების გარეშეც მოვახერხებთ მასობრივ ვაქცინაციას. მაგრამ არის სფეროები, სადაც დასაქმება ხდება საერთაშორისო დონეზე. სხვადასხვა უცხო ქვეყნის დამსაქმებელი უკვე მოითხოვს სავალდებულოდ ვაქცინირებული თანამშრომლების ყოლას – ეს ეხება ზღვაოსნობას. ბათუმში მქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდი მეზღვაურებს. ისინი ამბობენ, რომ ბევრი უცხოური გემთმფლობელი კომპანია ითხოვს, რომ მეზღვაური, ვინც ბორტზე იქნება, იყოს ვაქცინირებული“, – განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა ტიპის შეზღუდვა შემოაქვს სხვადასხვა ქვეყანას, ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით. „ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ვაქცინირების სტატუსი უფრო გააქტიურებს საზღვარგარეთ მოგზაურობას. ჯერჯერობით იმედი გვაქვს, ნებაყოფლობით პრინციპზე დაყრდნობით ამ ტემპებს გავზრდით“,- აღნიშნა თურნავამ.
