ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ საზოგადოებაში ალერგიას ხშირად არასათანადო მნიშვნელობას ანიჭებენ, თუმცა რეალურად ის მრავალი ადამიანისთვის ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
მისი განმარტებით, ალერგიული დაავადებები მხოლოდ ისეთი სიმპტომებით არ შემოიფარგლება, როგორიცაა ცხვირის გაჭედვა, ქავილი და ცემინება. ექიმის თქმით, თანამედროვე მიდგომით, რინიტი მხოლოდ რინიტი აღარ არის, ასთმა – მხოლოდ ასთმა, ხოლო დერმატიტი – მხოლოდ დერმატიტი, რადგან თითოეული მათგანი პაციენტის ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე კომპლექსურ გავლენას ახდენს.
ბიძინა კულუმბეგოვი ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ალერგიის დროულ ამოცნობასა და სწორ დიაგნოსტიკას. მისი თქმით, სწორედ ამის საფუძველზე ხდება დაავადების კონტროლის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და ეფექტური მკურნალობის შერჩევა.
ექიმის განცხადებით, დღეს მედიცინას უკვე აქვს შესაძლებლობა, თითოეული პაციენტისთვის სწორი და ადეკვატური სამკურნალო ტაქტიკა შეიმუშაოს, რაც დაავადების უკეთ მართვასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
