გაზაფხულზე ალერგიული დაავადებების გამწვავებას ხშირად მცენარეების ყვავილობას უკავშირებენ. საქართველოში ერთ-ერთ მთავარ „დამნაშავედ“ წლების განმავლობაში ჭადარი მიიჩნეოდა, თუმცა ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ თანამედროვე კვლევები ჭადრის მტვრის მაღალ ალერგენულ პოტენციალს არ ადასტურებს.
კულუმბეგოვის თქმით, ჭადრის ბუსუსები და მცენარეული ნაწილაკები სასუნთქ გზებში მოხვედრისას შესაძლოა მექანიკური გაღიზიანების მიზეზი გახდეს, თუმცა ალერგენული პოტენციალით კვიპაროსი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია.
ექიმის განმარტებით, კვიპაროსის მტვრის ალერგენული პოტენციალი მაქსიმალური – ხუთი ქულით ფასდება, მაშინ როდესაც ჭადრის მაჩვენებელი სამი ქულაა.
კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ ურბანული გამწვანებისას გადაწყვეტილების მიმღებებმა უპირატესობა ფართოფოთლოვან ხეებს, მათ შორის აკაციასა და მსგავს სახეობებს, უნდა მიანიჭონ.
მისივე თქმით, ჭადარს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს – ის დიდი ზომის ხეა, დიდი ფოთლოვანი მასით და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ურბანული გარემოს გაუმჯობესებას.
„თუ ჩვენ ბევრი კვიპაროსი დავრგეთ და ყველგან ესენი მოვაშენეთ, რა თქმა უნდა, ისეთი ალერგიები გვაქვს უკვე ორი-სამი თვე, გაზაფხულის პირველ თვეებში წამალიც არ შველის პაციენტებს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „ჯანმრთელობის დღიურები“.
ალერგოლოგის შეფასებით, ურბანული გამწვანების პოლიტიკის დაგეგმვისას მცენარეების ალერგენული პოტენციალიც უნდა იყოს გათვალისწინებული.
